მთავარი პროკურორის მოადგილე სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენზე პოლიტიკურ შეფასებებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენზე პოლიტიკურ შეფასებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად და მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციად აფასებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გოგაძემ აღნიშნა, სპეკულირება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ბრალი წარედგინა და შემდგომში უკვე სასამართლომ დამნაშავედ ცნო კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების გამო, არაკომპეტენტურობის და სამართლის არცოდნის გამოვლინებაა.

„სისხლის საამართლის კოდექსის 332–ე მუხლი, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს, რომ პირი, უფლებამოსილია ამა თუ იმ ქმედებაზე, მაგრამ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, პირადი მიზნებისათის, პოლიტიკური შეხედულებებისთვის და ასე შემდეგ. სპეკულირება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ბრალი წარედგინა და შემდგომში უკვე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი მისდამი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების გამო, არაკომპეტენტურობის და სამართლის არცოდნის გამოვლინებაა. თუმცა, რეალურად თუ გავაანალიზებთ მსგავს განცხადებებს დავინახავთ, რომ რეალური მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. თუ უფლებამოსილი არ ხარ ამა თუ იმ ქმედებაზე, შესაბამისად ამ უფლებამოსილებას ბოროტად ვერ გამოიყენებ. მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა იმის გამო, რომ მან ბოროტად გამოიყენა მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება“, - განაცხადა გოგაძემ.

მისივე თქმით, ამ ლოგიკით, თანამდებობის პირს, ასეთი უფლებამოსილების განხორციელებისას შეუძლია სხვა დანაშაულიც ჩაიდინოს, თუმცა მასზე პასუხი არ მოეთხოვოს.

„ჩვენ თუ ამ მსჯელობას გავიზიარებთ, რომ თანამდებობის პირმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ გამოიყენოს ბოროტად ანუ ჩაიდინოს დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, მაშინ მაგალითისთვის იმავე უფლების განხორციელებისას თანამდებობის პირს შეუძლია ქრთამის აღებაც და ამ შემთხვევაშიც სახეზე არ გვექნება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება) გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა არის სამართლებრივი უცოდინრობის გამოვლინება და არ იქნება, რა თქმა უნდა, გაზიარებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან. ყველა საჯარო მოხელე კანონის წინაშე თანასწორია, თანამდებობის და სტატუსის მიუხედავად, ყველა პირი მოქმედებს მასზედ მინიჭებული, კონკრეტული უფლებამოსილების ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა საკუთარი უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენოს. ასევე ხაზგასასმელია, რომ კანონმდებელმა სამოხელეო დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობა მიიჩნია ქმედების დამამძიმებელ გარემოებად, ანუ თუ უფლებამოსილებას ბოროტად პოლიტიკური თანამდებობის პირი იყენებს, ვთქვათ პრეზიდენტი, მას უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრება, ვიდრე ჩვეულებრივ საჯარო მოხელეს იდენტური დანაშაულისათვის, ამით კანონმდებელმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათზე კანონით დაკისრებული უფლებების განხორციელებისას“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო