თამაზ მეჭიაური - თავის გაფუჭებულ საქმეზე მე მთხოვენ პასუხს

თავის გაფუჭებულ საქმეზე მე მთხოვენ პასუხს, - ასე ეხმაურება ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ უკვე მესამე თვეა, რაც მერიის თანამშრომლებს არ ამარაგებენ შეშით, რათა გაუსაძლისი სიცივისა და სამუშაო პირობების გამო სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერონ.

მეჭიაურის თქმით, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებიდან“ ეს არ გაუკეთებიათ. ამასთან, თიანეთის მერი, რომელიც მუშაობას 13 ნოემბერს შეუდგა, აცხადებს, რომ თანამშრომლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართულები და შვებულებაში დახვდნენ.

„გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარეზე, უფრო გონიერი ახალგაზრდა მეგონა. ჯერ ერთი, ყველაზე გაჭირვებულიც კი თიანეთში შეშას იმარაგებს ზაფხულში, უკიდურეს შემთხვევაში შემოდგომის დასაწყისში. მე როგორც მოგეხსენებათ, 13 ნოემბერს შემოვედი ამ კაბინეტში. აქ რომ შემოვედი, ზუსტად ის წარმომადგენლები, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარეს გულის შესტკივა, შვებულებაში დამხვდნენ. იმდენად დაიღალნენ სააგიტაციო მუშაობით წინა გამგებლის სასარგებლოდ, რომ შვებულებები აიღეს და წავიდნენ დასასვენებლად - არც კი დამხვდნენ აქ, რომ მათ შევხვედროდი. რაც შეეხება შეშას, მე ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოვიკითხე, როცა ბაღები არ იყო მომარაგებული. ის რწმუნებულები ამბობდნენ, რომ მე ვცრუობ და შეშა მომარაგებულია. ახლა გამოდის იმ გუნდის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მაშინ იცავდა ბაღის მომარაგებაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელებს, მათ დასაცავად, რომლებიც არათუ ამ შეშის მოტანაში არ მონაწილეობდნენ, არამედ შვებულებაშიც კი წავიდნენ. ჩვენ როცა მოვედით, მივწერეთ სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე, მივიღეთ თანხმობა - ეს იყო დეკემბრის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ფიზიკურად ვეღარ მოხერხდა გადარიცხვა და შემოტანა და დღეს ხელახლა დადგა დღის წერსიგში ამ ყველაფრის უზრუნველყოფა. ასე რომ, ეს ყველაფერი მათ კისერზეა, რომ მათ დროზე ვერ უზრუნველყვეს შესაბამისი რესურსის მოძიება, სატყეო სააგენტოსთვის თხოვნა და ა.შ. გამოდის რომ, თავის გაფუჭებულ საქმეზე მე მთხოვენ პასუხს. ახლა თადარიგი გადაჭრილია და პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურის თქმით, მას საკადრო ცვლილებები მერიაში არ განუხორციელებია, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა ორი მოადგილე, შეიცვალა მძღოლი და თანაშემწეს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა, თუმცა იგი სხვა სამსახურში გადაჰყავს.

„მე არ მქონდა საკადრო ცვლილებების განხორციელების საშუალება და ვერც განვახორციელებდი. მეორე მხრივ, არც მახასიათებს მასობრივი წმენდის ჩატარება. მე მქონდა ორი ვაკანსია მოადგილეების, რომლებიც ავიყვანე. ის სამსახურის უფროსების უმრავლესობა, რომლებიც აქ დამხვდნენ, უმრავლესობა პატიოსნად მუშაობს და მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რაც შეეხება სტურქტურულ რეორგანიზაციას, ეს მე კი არა, მოიგონა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. მე ზუსტად ის სტრუქტურა წარვუდგინე მათ დასამტკიცებლად, რაც მე წარმომიდგინა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გუბერნიამ, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებულია. როცა ეს სტრუქტურა გადავუგზავნე, „ქართული ოცნების“ საკრებულომ არ დაამტკიცა. გამოდის, რომ უნდათ, საქართველოში იყოს ორი კანონი - ერთი მთელი საქართველოსთვის და მეორე თიანეთისთვის უკუღმა გადმოტრიალებული. მე არა მგონია, რომ ცენტრში ეს ვინმეს აწყობდეს და თუ ვინმე უკეთებს დისკრედიტაციას „ქართულ ოცნებას“, ეს არის მისი საკრებულო, რომელიც არის ამ რაიონში წარმოდგენილი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ახალ მერს თამაზ მეჭიაურს მერიის ძველი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება სურს და ამ მიზნის მისაღწევად მათ გაუსაძლის შრომით პირობებში ამყოფებს. კერძოდ, როგორც “ინტერპრესნიუსს“ წოწკოლაურმა განუცხადა, უკვე მესამე თვეა, რაც მერიის თანამშრომლებს არ ამარაგებენ შეშით, რათა გაუსაძლისი სიცივისა და სამუშაო პირობების გამო, განცხადება დაწერონ სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა