დავით უსუფაშვილი - პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო სააკაშვილის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლო მიუთითებდა

როგორც ჩანს, პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა, - ასეთ შეფასებას აკეთებს ”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, საკუთარი პოლიტიკურ-სამსახურებრივი მომავლის გადასარჩენად, პროკურატურამ ნეიროქირურგის ლაზერით ჩასატარებელი ოპერაციისთვის ნაჯახი მოიმარჯვა - მიმართა „ყოვლისშემძლე“ 332-ე მუხლს და „მოკვარახჭინებული“ საქმე სასამართლოს გადაულოცა.

”ყოფილი პრეზიდენტის პიარში უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პროკურატურა ეჯიბრება. არც კი ღირს კამათი იმის შესახებ, საერთოდ შეიძლება თუ არა ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა შეწყალების პროცესში ჩადენილი ქმედების გამო. რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგალითად, თუ პრეზიდენტმა შეწყალების სანაცვლოდ ფული (ან მოწმის დუმილი) მიიღო, მან პასუხი უნდა აგოს ქრთამის აღების (ან მოწმეზე ზემოქმედების) გამო, ხოლო შეწყალების აქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება - ქრთამის (ან დუმილის) სანაცვლოდ გაწეული სამსახურის ფაქტის დადასტურება. კამათი უნდა მიდიოდეს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამგვარ შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა 332-ე მუხლით („სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“). ვფიქრობ, რომ არ შეიძლება და სწორედ ამ მუხლის გამოყენება ქმნის სახიფათო სამართლებრივ პრეცედენტსაც და არასასურველ პოლიტიკურ აჟიოტაჟსაც.

332-ე მუხლით დანაშაულად ცხადდება „პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“. შეწყალების აქტით კი სახელმწიფოს მეთაური (მონარქი, პრეზიდენტი) პატიმრობიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებს სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობილ პირს ისე, რომ ეჭვის ქვეშ არ აყენებს არც განაჩენის კანონიერებას და არც სასჯელის სამართლიანობას. ამრიგად, პრეზიდენტს მინიჭებული აქვს სახელმწიფოებრივი მოწყალების, დიდსულოვნების და ჰუმანურობის გამოვლენის ისეთი ექსკლუზიური ინსტრუმენტი, რომელიც „ამოვარდნილია“ მართლმსაჯულების სისტემიდან და ვერ თავსდება ზოგადი სამართლებრივი პრინციპების ჩარჩოებში.

შესაბამისად, თუ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაზე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ 332-ე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს მექანიკურად გავავრცელებთ, აბსურდამდე მივალთ. გამოვა, რომ პრეზიდენტი შეწყალების ყოველი აქტით დანაშაულს ჩადის - ათავისუფლებს დამანაშავეს „საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ“ (სასჯელის გარდაუვალობა საჯარო ინტერესია), „სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად“ (ვადამდე გათავისუფლებული დამნაშავე გამორჩენასაც იღებს და უპირატესობასაც) და „სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევით“ (პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დამრღვევი, უშიშროების მიერ გამოვლენილი, პოლიციის მიერ დაკავებული, პროკურორის მიერ ბრალდებული და სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისთვის ციხის კარების გაღებაზე მეტად რითი შეიძლება სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა?).

ასეთ აბსურდამდე პროკურატურის მიერ არჩეულმა მცდარმა გზამ მიგვიყვანა. როგორც ჩანს, მათ ვერ ან არ შეძლეს გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა („სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, მუხლი 364) და რომელშიც შეწყალების ფაქტი ერთ-ერთი, არცთუ ძირითადი, მტკიცებულება იქნებოდა. ამიტომ, საკუთარი პოლიტიკურ-სამსახურებრივი მომავლის გადასარჩენად, პროკურატურამ ნეიროქირურგის ლაზერით ჩასატარებელი ოპერაციისთვის ნაჯახი მოიმარჯვა - მიმართა „ყოვლისშემძლე“ 332-ე მუხლს და „მოკვარახჭინებული“ საქმე სასამართლოს გადაულოცა“, -აღნიშნავს უსუფაშვილი.

მისივე შეფასებით, თემიდას თვალები ისე მჭიდროდ აღმოაჩნდა ახვეული, რომ ეს „ნაჯახი“ ჯერჯერობით ვერ შენიშნა.

„ამგვარ „ლაზერებს და ნაჯახებს“ მოსახლეობის ვერც ის ნაწილი აღიქვამს, რომელსაც შავ-თეთრი სათვალე უკეთია - „მიშა ხომ ისედაც დამნაშავეა“ ან „მიშა ხომ ისედაც უდანაშაულოა“. მაგრამ ბევრს კარგად ესმის, თუ რაოდენ ხანგრძლივი მოქმედების პრობლემები უჩნდება ქვეყანას დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერების და მინისტრების საქმეებში არსებული თუნდაც მცირე ხარვეზების გამო.

ვინ იქნება მოგებული? - მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი; ვინ იქნება წაგებული? - მართლმსაჯულება, კონსტიტუცია, საზოგადოება, ქვეყანა, მმართველი პარტია. ამ ყველაფრის შემხედვარე, სხვათა შორის, სწორედ 332-ე მუხლის დისპოზიცია ტივტივდება თავში - „.პროკურორის მიერ... უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება... საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია”, - აცხადებს უსუფაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა