„ევროპული საქართველო“ - სახეზეა ივანიშვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნა მოსახლეობის ხარჯზე

სახეზეა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა, თანაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე, - ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

„ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ 2018 წელს საქართველოს მოსახლეობა გაზრდილი ტარიფებით შეხვდა: გაძვირება შეეხო წყალს, ელექტროენერგიას და გაზს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ტარიფების მომატება მოხმარების გაზრდით ახსნა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნორმალურ პირობებში მოხმარების მკვეთ ზრდას ეკონომიკური წინსვლა და როგორც შედეგი მეტი წარმოება და მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნილობები იწვევს. საქართველოს შემთხვევაში ეს არგუმენტები რელევანტური არაა - „ქართული ოცნების“ მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი: ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემა, სამუშაო ადგილების შემცირება, გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები, ინფლაცია, ფასების ზრდა, ლარის დაცემა და ამ ყოველივეს შედეგად მოსახლეობის გაღარიბებაა. ისმის ლოგიკური კითხვა - რამ გამოიწვია მაშინ მოხმარების ზრდა. განვიხილოთ ეს ელექტროენერგიის მაგალითზე. 2015 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-მა თბილისის თავისუფალ ზონაში დატა ცენტრი გახსნა და კრეპტო ვალუტის - ბიტკოინების გამომუშავება დაიწყო. გახსნის დღეს ანუ 15 დეკემბერს თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზრდა. ქარხანა უკვე ორი წელია მუშაობს და მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია გამოვითვალოთ, თუ რამდენით გაზარდა მან თბილისის მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ქარხნის მოხმარების გამო მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს იხდის, თვითონ ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით (http://www.tfz.ge/ka/512/), ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო)“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპული საქართველოს“ აზრით, ასევე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.

„კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ზონა იქმნება სახელმწიფოს ინიციატივით ან ბიზნესის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ზონა შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-ს მოთხოვნით. მიუხედავით იმისა, თუ ვისგან მოდის ინიციატივა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და თავისუფალი ზონა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: კანონის თანახმად, ფართობი უნდა აღემატებოდეს 10 ჰა და მოთხოვნის შეტანისას მთხოვნელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში მოთხოვნამდე რამდენიმე თვით (2015 წ. 25 მაისს) ადრე მთავრობამ სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადასცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა რამდენიმე თვის წინ შექმნილ კომპანიას; გეგმა - კომპანიამ უნდა წარუდგინოს მთავრობას გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ თავისუფალი ზონიდან. სარგებელი შეიძლება იყოს ინვესტიციები, მოსახლეობის დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ შემთხვევაში; ეკონომიკური სარგებელი - ოფიციალურად ზონა გაკეთდა ტექნოლოგიური პარკისთვის. პირველი კითხვაა- რამდენად არის ბიტკოინების წარმოება ტექნოლოგიური პარკი? და მეორე და მთავარი რამდენად შეუწყობს ბიტკოინების წარმოება, რომლითაც კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს, თან საზღვარგარეთ, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას? დასაქმება - საუკეთესო შემთხვევაში კომპანია დაასაქმებს 10-20 სპეციალისტს; ინვესტიციები - კომპანიის მიერ დახარჯული თანხების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ ძვირად ღირებული აპარატურის შეძენას მოხმარდა და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებად ამ შემთხვევაში ძნელად თუ ჩაითვლება. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია.

როგორც ვხედავთ, სახეზეა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა, თანაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. იმის ნაცვლად, რომ კანონით თავისუფალი ზონისთვის გათვალისწინებული პრივილეგიები ეკონომიკურ ზრდას, როგორც შედეგი პენსიებისა და დახმარებების მატებას, ადამიანების დასაქმებას და კეთილდღეობას მოხმარდეს, ისინი მიმართულია ერთი მილიარდერის კიდევ უფრო გამდიდრებისკენ. მთავრობისვე განცხადებით ამის პირდაპირი შედეგია ელექტროენერგიის ტარიფის მატება და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა