დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს უდირიჟორებს

თბილისის ოპერის სცენაზე დირიჟორი დანიელ ორენი ორ კონცერტს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან აცნობეს, 16 და 18 იანვარს, 20:00 საათზე, კონცერტი - „ოპერა - ფანტაზია“  გაიმართება , რომელსაც თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი - დანიელ ორენი უდირიჟორებს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. შესრულდება ფრაგმენტები ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, ნაბუკო“, „მაკბეტი“, „აიდა“, ასევე როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი“, ბიზეს ოპერიდან „კარმენი“, პუჩინის ოპერიდან „მანონ ლესკო“, მასკანის „სოფლის ღირსება“; ასევე, რაველის „ბოლერო“.

დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორებიცაა ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი.

„მიწვეული დირიჟორის სტატუსით, ორენი აქტიურად გამოდიოდა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ლონდონის „კოვენტ გარდენში“, ვენის „შტატსოპერაში“, ასევე სან-ფრანცისკოს, ჰიუსტონის, ბუენოს აირესის, პარიზის, თელ-ავივის, ტოკიოს საოპერო თეატრებში.

მაესტრო უმეტესად საოპერო ჟანრზეა ფოკუსირებული, თუმცა, სხვადასხვა დროს მას სიმფონიური მუსიკის კონცერტები გაუმართავს მსოფლიო კლასის ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის საუკეთესო ინტერპრეტატორი, თუმცა, წარმატებით ასრულებს ბელინის, დონიცეტის, ჰალევის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა მრავალრიცხოვან ნაწარმოებს. უმუშავია - ლუჩანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა ჩედოლინსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან და სხვა დიდ მომღერლებთან ერთად“, - ნათქვამია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო