მალხაზ მაჩალიკაშვილი - აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ბერლინის კლინიკამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, მას კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არის.

”მე კონკრეტულად ვითხოვ იმას, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი წუთის დაკარვა არ შეიძლება. მე ეს 4 დღე მალოდინეს, ვითომ გერმანიამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე. ავსტრია დათანხმდა და ავსტრიამ ვითომ უარი თქვა... ახლა კი აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჩვენ გერმანიაში გვყავს ხალხი, რომლებიც პირდაპირ მივიდნენ ადმინისტრაციაში, გაარკვიეს, არის თუ არა უარი ნათქვამი და გაირკვა, რომ პაციენტს ამ წუთასაც ელოდებიან ბერლინში, ”შარიტეს” კლინიკაში. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროს ვერაფრით ვუკავშირდები. სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. რამდენადაც მე ვფიქრობ, ამ ბავშვის ჯანმრთელობა არ სურთ. ამიტომ თურქეთში სადღაც ნახეს დაბალი ჯგუფის კლინიკა და უნდათ, რომ იქ გადააგზავნონ. მე ”კოჩის” კლინიკიდან, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკაა, თანხმობა ახლა მივიღე. მოვითხოვ ჩემი შვილი კონკრეტულად ბერლინის კლინიკაში იქნას გადაყვანილი. მთელი საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ გვერდში დამიდგნენ, რომ ჩემი შვილი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანონ. იქიდან დღეს დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლება, სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება თურქეთის კლინიკას ”კოჩი”, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახმა მოიძია, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, ეს კლინიკა მაშინ მოიძიეს, როდესაც გაიგეს, რომ გერმანიამ პაციენტის მიღებაზე რამდენიმე დღის წინ უარი თქვა. ”რადგან მე დამარწმუნეს, რომ გერმანიამ უარი თქვა, ამის მერე დავიწყე კოჩის კლინიკის მოძიება. ეს არის თურქულ-ამერიკული საუნივერსიტეტო კლინიკა”, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ”"გერმანიაში მიღებაზე უარი არ უთქვამთ, იქ ამ დრომდე გველოდებიან" - მაჩალიკაშვილის მამის სკანდალური განცხადება”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს