ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ამ ეტაპზე უწყება პაციენტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ელოდება.

„მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დაჭრილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა დღეს მოითხოვა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.