გიორგი წოწკოლაური - თამაზ მეჭიაური მერიის თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულების გამო ავიწროებს

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი წოწკოლაური მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება. წოწკოლაურის თქმით, თამაზ მეჭიაური მერიის თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულების გამო ავიწროებს.

როგორც წოწკოლაური აცხადეს, მიზეზები, რომელზეც “ინტერპრესნიუსთან” მეჭიაური საუბრობს და რომლის გამოც ვერ ხდება მერიაში დასაქმებულ პირთა საშეშე მერქნით მომარაგება, არარეალურია და მისი მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი.

“რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს თიანელი ადამიანისთვის ამის შეხსენება, თიანეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის დონიდან 1100 მეტრზე და კლიმატი საკმაოდ ცივი და მკაცრია. სირცხვილია იმ არგუმენტის მოყვანა, რომ იანვრის თვეში, თიანეთში, თურმე თბილა და ამ მიზეზით არ ხდება მერიის თანამშრომლებისთვის საშეშე მერქნის შეძენა და სითბოს უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ 20-21 პლუს გრადუსიანი ტემპერატურა არის აუცილებელი ადამიანის ნორმალური სამუშაო პირობებისთვის.

რაც შეეხება ბიუჯეტში თანხების უქონლობას, ფაქტია, რომ 2017 წლის ბიუჯეტში 4900 ლარი გამოყოფილია ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისთვის საშეშე მერქნის შესაძენად, რასაც არ სჭირდება ტენდერის ჩატარება და სულ რაღაც 2-3 დღეში, გამარტივებული წესით შეეძლოთ შეშის შეძენა და წარმომადგენელთა სითბოთი უზრუნველყოფა. როგორც მისივე კომენტარიდან ჩანს, მერის წარმომადგენლებს განიხილავს არა საჯარო მოხელეებად, რომლებიც კონკურსის შედეგად არიან შერჩეულები და ემსახურებიან საკუთარ მუნიციპალიტეტს და ქვეყანას, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებად. ამ ნიშნითაა გამოწვეული მათი დისკრიმინაცია. მისი კომენტარი: „ისინი აქტივისტები იყვნენ და არიან დღემდე“, ყველა შეკითხვას სცემს პასუხს. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც მერის წარმომადგენლებმა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები აურიეს სამსახურეობრივ მოვალეობებში, თუმცა ამ მიზეზით, შეგნებულად უქმნის გაუსაძლის პირობებს, რათა „ნებაყოფლობით“ წავიდნენ სამსახურებიდან.

რაც შეეხება ტენდერის გამოცხადებას, მერის წინამორბედის უფლებამოსილების შეჩერებისას იყო აგვისტოს თვე და ადმინისტრაციული შენობები არ საჭიროებდა გათბობას. მერმა უნდა იცოდეს, რომ 5000 ლარამდე ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება შესაძლებელია გამარტივებული წესით. ამ სახით შესყიდვას დასჭირდებოდა სულ 2 ან 3 დღე, თუმცა 2 თვის განმავლობაში, მიუხედავად დამდგარი ყინვებისა, შეგნებულად არ განახორციელა შესყიდვა.

ფაქტია, რომ ამ ფორმით ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დისკრიმინაცია, რაზეც კანონის შესაბამისად, ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველი. აუცილებლად ვიზრუნებთ, რათა ამ ფაქტებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება”, - აცხადებს გიორგი წოწკოლაური.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით კი, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებიდან“ ეს არ გაუკეთებია. ამასთან, თიანეთის მერი, რომელიც მუშაობას 13 ნოემბერს შეუდგა, აცხადებს, რომ თანამშრომლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართულები და შვებულებაში დახვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო