დავით უსუფაშვილი - ანა დოლიძე ვისაც არ უნდა დაენიშნა ამ თანამდებობაზე, მე ერთნაირად ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზული შენაძენია ამ ორგანოსთვის

ცუდია, როდესაც პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს ნიშნავს ასეთ თანამდებობაზე, ეს არ არის კარგი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის არა პრობლემის მიზეზი, არამედ - შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტისყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ანა დოლიძეს აქვს პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია, რის გამოც მის კანდიდატურას სერიოზულ მონაპოვრად აფასებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დოლიძეს ურჩევს, არ აჰყვეს მცდელობებს და არ გამოვიდეს მდგომარეობიდან, რასაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებლად ეცდებიან.

“ანა დოლიძე ვისაც არ უნდა დაენიშნა ამ თანამდებობაზე, მე ერთნაირად ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზული შენაძენია ამ ორგანოსთვის. ანა დოლიძეს კვალიფიკაციაც, გამოცდილებაც სხვადასხვა მიმართულებით დიდი აქვს. მას მოუწევს რთულ ვითარებაში შრომა. ვისურვებდი, რომ ვერ შეძლონ მისი წონასწორობიდან გამოყვანა, რადგან იქ იქნება მსგავსი მცდელობები. საჭიროა ძალიან პრინციპული საკითხების დაცვა იმ ორგანოში, რომელიც სასამართლოს კურირებს. ცუდია, როდესაც პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს ნიშნავს ასეთ თანამდებობაზე, ეს არ არის კარგი, მაგრამ მგონია, რომ ეს არის არა პრობლემის მიზეზი, არამედ - შედეგი. როდესაც პრეზიდენტი ან სხვები, სხვა თანამდებობაზე ხედავენ სხვები რა კრიტერიუმებით ინიშნებიან, რამდენია დამოუკიდებლობის ხარისხი, რჩება ეს ბერკეტი, რომელიც არ არის საუკეთესო, მაგრამ ხელთ არსებული ბერკეტია, რომ კვალიფიციური ხალხი გამწესდეს ასეთ თანამდებობაზე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.