მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა

დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ,მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მამის თქმით, მას თბილისის სამედიცინო დაწესებულებასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან უმალავდნენ, რომ გერმანული კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, დამალვის მიზეზად კი სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ან მატერიალურ მხარეს ასახელებს.

“5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლკინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი.

მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.