ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - დაცვის მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ საქმე არაობიექტურად გამოიძია, სიცრუეა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის შეფასებით, დაცვის მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ საქმე არაობიექტურად გამოიძია, სიცრუეა.

„დაცვის მხარის ამგვარი განცხადება არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს დაკავებიდან 40 დღეს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ აღნიშნულ ვადაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება, რა დროსაც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიად ფხაკაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქმეზე კომლექსური ექსპერტიზის საკითხს, გამოძიების მიერ იგი 2017 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა და ჯერ არ დასრულებულა. „სწორედ ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი თუ რამდენი დანით არის მიყენებული დაზიანებები. დაცვის მხარემ ანალოგიური ექსპერტიზა 25 დეკემბერს დანიშნა. საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა და მიმდინარეობს 20 ექსპერტიზა, დაიკითხა 119 მოწმე, მათ შორის ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე და მათ მიერ მიღებული ჩვენებებით დასტურდება რომ დანაშაული სწორედ ბრალდებულებმა ჩაიდინეს.

დამატებით გეტყვით, რომ ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ხუთი პირის მიმართ, დანაშაულის დაფარვის ფაქტზე და გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიება მიზანმიმართულად საქმეს არაობიექტურად იძიებს და მთავარ კითხვას, რამდენი პირი მონაწილეობდა 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში, შესაძლოა, პასუხი საერთოდ ვერ გაეცეს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა