კახა კალაძე - გლდანში მაისში გახსნილი რაგბის სავარჯიშო კომპლექსი თავიდან სარეაბილიტაციოა - რაც ვნახეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელია

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. როგორც კალაძე აცხადებს, კომპანიამ ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა.

"სავარჯიშო კომპლექსი გასული წლის მაისში გაიხსნა, 7 მილიონი დაიხარჯა სამუშაოებში და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. როგორც ნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა გასახდელებში და კორიდორებში. ერთი სავარჯიშო მოედანი ავარიულ მდგომარეობაშია და კატეგორიულად მიუღებელია იქ ბავშვების და ნებისმიერი თაობის ვარჯიში. ჩემს მოადგილეს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. ის, რომ კომპლექსი ასეთ მდგომარეობაშია, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. აქ უნდა გაიზარდოს ჩვენი შვილები, მომავალი თაობები და ხარისხი უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. 7 მილიონი არცთუ ისე პატარა თანხაა", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კომპანიას ხარვეზების გამოსწორება დაევალება. ამასთან, თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ კომპანიას ჯარიმაც დაეკისროს.

"რაც არის გასაკეთებელი, თვალს არაფერზე დავხუჭავ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. კატეგორიულად მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც ვნახეთ. ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და არა "ჰარი-ჰარალეზე". თვალს არ დავხუჭავთ, ეს არ და ვერ მოხდება", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი დღეს გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ სიტუაციას გაეცნო.

სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს "საბა კონსტრაქშენს" დაუკვეთა და სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 6 932 650. 64 ლარით განისაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს