ბაღდათის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ახალი წლიდან მათ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს და სამსახურის გარეშე ათეულობით ადამიანი დარჩა, მათ შორის კულტურის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდული სახლისა და მუსიკალური სკოლების თანამშრომლები.

"გვითხრეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამოგვეწურა და ახალი ხელშეკრულებები აღარ გაგვიფორმეს. 2-3 თვე გაურკვეველ ვითარებაში ვრჩებით, უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები გვაქვს, მიზერული ანაზღურება გვქონდა და ისიც აღარ გვექნება, ასე დააფასეს ჩვენი საქმიანობა",- განაცხადეს ყოფილმა თანამშრომლებმა.

როგორც ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე აცხადებს, აღნიშნულ პირებს ჰქონდათ ხელშეკრულებები გაფორმებული, რომლებსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე მერიის ა(ა)იპ-ებში.

"რეორგანიზაცია ყველა ა(ა)იპ- შია გამოცხადებული, მათ შორის მერიაშიც. იყო 7 ა(ა)იპ-იდან დარჩება 5. აქედან გამომდინარე, მოხდება ცვლილება სტრუქტურული ერთეულების და თვითონ თანამშრომლების. მათ ჰქონდათ ხელშეკრულებები, რომელთა ვადა ამოიწურა. შესაბამისად, ხელშეკრულებები გაუფორმდა იმ თანამშრომლებს, ვისი ყოფნაც აუცილებელია, რომ ა(ა)იპ-ის პარალიზება არ მოხდეს. დანარჩენებს ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ. რეორგანიზაციის შემდგომ დაინიშნება ხელმძღვანელი, დამტკიცდება ახალი დებულება, ახალი საშტატო ნუსხა, შემდეგ მოხდება თანამშრომლების ხელახლა აყვანა",- განაცხადა გოგსაძემ.

რაც შეეხება გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციას, მერის თქმით, 10 სამსახურიდან ერთი - იურიდიული სამსახური გაუქმდა და ის განყოფილებად გადაკეთდა, შესაბამისად, ბაღდათის გამგეობაში 9 სამსახური დარჩა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა