ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ვარაუდით, საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწოვანის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, შესაბამისად ლოგიკურია, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე ამას გამოძიება ამტკიცებს.

„დაცვის მხარის ვარაუდით, იმაზე მეტი დანა ფიგურირებს საქმეში, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს“, - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებულობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა