გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა

იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა – ვგულისხმობ იმას, რომ ნაცვლიშვილის წინამორბედში, არა იურისტს, არამედ პოლიტიკოსს ვხედავდი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის დანიშვნას.

კახიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ნაცვლიშვილს კვალიფიციურ იურისტად იცნობს.

„ჩვენთვის პირველ რიგში, სწორედ ეს არის მთავარი, რადგან მასთან მოგვიწევს ურთიერთობა როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი კვალიფიკაცია. იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე იმ გზას არ გაუყვება, რასაც მისი წინამორბედი - ვგულისხმობ იმას, რომ მის წინამორბედში, არა იურისტს, არამედ პოლიტიკოსს ვხედავდი. პარლამენტში მისი გამოსვლები უფრო პოლიტიზირებული იყო, ვიდრე სამართლებრივი შეფასებებით მოცული. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით, ქალბატონი ანა უფრო განსხვავებულად წარმოდგება პარლამენტის წინაშე, როგორც მისი თანამდებობა ითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.