ლევან გოგიჩაიშვილი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უნდა გაიაზროს, რომ სხვა სტანდარტში გადადის: მორალურში, ეთიკურში, საქმიანში

მთავარია, პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა გაიაზროს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აღარ არის და პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ანა ნაცვლიშვილის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილებას.

“მას დამკვეთიც ეცვლება - თუ აქამდე ხელფასს საერთაშორისო ფონდები უხდიდა, დღეს მას ხელფასს გადასახადის ქართველი გადამხდელი უხდის. შესაბამისად, მან უნდა გაიაზროს, რომ სხვა სტანდარტში გადადის: - მორალურში, ეთიკურში, საქმიანში. ის არ უნდა გასცდეს იმ უფლებამოსილებას, რაც არის საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილება. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და კარიერაში წარმატებას ვუსურვებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. ნაცვლიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.