მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შერჩეული თურქული კლინიკის მენეჯერი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში იმყოფებოდა

მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ შერჩეული თურქული კლინიკის, „კოჩის“ მენეჯერი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლინიკა „კოჩი“ პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებისთვის მზად არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თურქეთის კლინიკის წარმომადგენელი მათ საავადმყოფოს დღეს ესტუმრა, სადაც პაციენტის ტრანსპორტირებისა და მიღების თაობაზე ისაუბრეს. ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, მძიმე პაციენტის გადაყვანა ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავში სპეციალური სივრცის მოწყობით აპრობირებული მეთოდია.

„ბოლო ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია, არის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაციები. კერძოდ ის, რომ შეირჩა ჰოსპიტალი, ასევე გადაყვანაზე თანახმაა როგორც ოჯახი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო. ცოტა ხნის წინ ჩვენ სტუმრად გვყავდა ამ ჰოსპიტალის წარმომადგენელი, ვისაუბრეთ, რაზეც უკვე გარკვეული საუბარი გვქონდა რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხება თვითმფრინავს, თუ იგულისხმება სპეციალური თვითმფრინავი, ასეთი თვითმფრინავები, ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრ ქვეყანას არ ჰყავს და არსებობენ ისეთი ავიაკომპანიები, ვისთანაც შეიძლება ამ თვითმფრინავის დაქირავება ან ჩვეეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავშიც შეიძლება სივრცის მოწყობა, რითაც ხდება პაციენტების ტრანსპორტირება. მათ შორის, ასეთი მძიმე პაციენტებისაც“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.