თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, თურქული კლინიკა „კოჩის“ წარმომადგენელი და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა სამინისტროში შედგა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხი განიხილეს. როგორც ჩუთლაშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახი შეთანხმებას გადიან.

„ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდით თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დეტალურად განვიხილავთ იმ თითოეულ საკითხს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გადაყვანის პროცედურასთან. ყველა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახი თანხმდებიან. ველოდებით, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ თემირლან მაჩალიკაშვილს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

თუ რა საკითხზეა შეთანხმება მისაღწევი, ამას არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი არ აკონკრეტებს. ასევე, მიიღო თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახის მიერ შერჩეული კლინიკა „კოჩიდან“ პაციენტის მიღების თაობაზე პასუხი, ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებს.