ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თელავში. ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მისივე თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და ამ წუთებში მიმდინარეობს დათვლა. ძლიერი ქარის შედეგად ასევე წაქცეულია ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.

ძლიერმა ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტიც დააზარალა. ახტალის მიმდებარედ წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვი. სახურავი აქვს ახდილი რამდენიმე ობიექტს და საცხოვრებელ სახლს. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე დილიდან მუშაობენ.