ქართული პრესის მიმოხილვა 10.01.2018

მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.

***

მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

2014 წლიდან დონბასში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადა. საუბარია 100-მდე მებრძოლზე. როგორ ლეგიონის წევრები აცხადებენ, ბრიგადის მეთაურობა ბოლო რამდენიმე თვეა ქართველ მეომრებს სხვადასხვა პროვოკაციას უწყობს, უკანონო დავალებებს აძლევს, ბოლოს, 16 დეკემბერს კი მხოლოდ ეთნიკური ქართველები განზრახ სასიკვდილო დავალებაზეც გაუშვა, რა დროსაც 11 ქართველი დაიჭრა, რასაც ლეგიონის მიერ 54-ე ბრიგადის დატოვება მოჰყვა. ლეგიონის წევრები 23 იანვარს პრესკონფერენციას აანონსებენ, სადაც დეტალურად გეგმავენ 54-ე ბრიგადის მეთაურის უკანონობაზე საუბარს. პასუხად უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობა ავრცელებს განცხადებას, რომ ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და არ დაუშვებენ 54-ე მექანიზებული ბრიგადის სახელის მერკანტილური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. პლუს, ამბობენ, რომ ქვედანაყოფი, სახელწოდებით "ქართული ლეგიონი“ მათ რიგებში არასდროს ყოფილა. ბრიგადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: "მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, რომელიც მოხალისეობასა და კეთილ ნებაზე დამყარებული ორგანიზაციაა, ხაზს ვუსვამთ, რომ არ დავუშვებთ 54-ე მექანიზებული ბრიგადის სახელის მერკანტილური და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. გამარჯვება ჩვენი იქნება! დიდება უკრაინას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ლეგიონი“ უკრაინის 54-ე ბრიგადას ტოვებს და უფროსობას ღალატში ადანაშაულებს.

"ქართული ლეგიონის“ წევრები "რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია უკრაინის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში მათი გარევის მცდელობა და ამ მხრივ  ბრალდებების წამოყენება. კითხვაზე, რატომ დატოვა "ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადა და საიდან დაიწყო დაპირისპირება, "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე მეთაურს დაუპირისპირდნენ. ალექსეი მაისტრენკოს - ბრიგადის მეთაურს, რამდენიმე პროვოკაციული ბრძანება ჰქონდა, ბოლოს კი 20 დეკემბერს დავსვით წერტილი. 23 იანვარს ვაპირებთ პრესკომფერენციის მოწყობას, იმიტომ, რომ ჩვენი, 25-ე ბატალიონის მეთაურმა გამოთქვას თავისი აზრი. მან შეგვატყობინა ბრიგადის მეთაურის ამ განზრახვაზე. ეს იყო ბრიგადის მეთაურის არასწორი ბრძანებები, რაც საბრძოლო ინტერესის დროს არ შეიძლება და რასაც ბატალიონის მეთაური არ დაეთანხმა. მეთაურმა შემატყობინა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება. მიუხედავად ამისა, ქართველ მებრძოლებს მაინც შეასრულებინეს დავალება და ბიჭები დაიჭრნენ. ფაქტობრივად, "ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სასიკვდილოდ გაწირეს. ბოლო 4 თვეა ცდილობს რაღაც სისულელეებში გაგვხვიოს. ეს იყო მესამე დანაშაულებრივი დავალება. ბატალიონის მეთაურმა ორჯერ გაატარა, მესამედ კი შეგვატყობინა, რომ ბრიგადის მეთაური იძლევა აბსურდულ დავალებებს და ეს განზრახულია იმისთვის, რომ ქართველი ბიჭები დაიღუპონ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოცემის კორესპონდენტის კითხვაზე, კონკრეტულად რა იყო უკანონო ან რატომ ფიქრობენ, რომ ქართველი მებრძოლების სასიკვდილოდ გაწირვის განზრახვა ჰქონდა რიგადის მეთაურს, მამულაშვილმა უპასუხა, რომ ეს 25-ე ბატალიონის მეთაურის, ევგენი ლავროვის კომპეტენციაა, რომელიც პირობითად გაათავისუფლეს, თუმცა კონტრაქტზე ისევ იმყოფება. ის პრესკონფერენციაზე ილაპარაკებს... 54-ე ბრიგადის მეთაურმა ბიჭები ისეთ დავალებაზე გაუშვა, საიდანაც არ უნდა დაბრუნებულიყვნენ და ამას ყველაფერს თვითონ "დრონით“ იღებდა. რატომღაც ქართველების მონაწილეობით შოუს მოწყობა უნდოდა, თან პირდაპირი ბრძანება მისცა ბატალიონის მეთაურს, რომ მაინდამაინც მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს მიეღოთ ამ ოპერაციაში მონაწილეობა“, - განაგრძობს გამოცემა.

"კითხვაზე, თუ რატომ გახდნენ ქართველები ასეთი მიუღებელი და შეიძლება თუ არა ეს სააკაშვილი-პოროშენკოს დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული, მამულაშილმა განაცხადა, რომ შეიძლება ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და გავემიჯნეთ. თუმცა ამის შემდეგ დაიწყო ასეთი წნეხი. რამდენიმე მხრიდან პროვოკაციები იყო, რომ რამენაირად ჩავრთულიყავით ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკაში არ ვერევით, ერთი იმიტომ, რომ სამხედროები ვართ და მეორე იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ და მიუღებელია, იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩავყოთ თავი, რომლის მოქალაქეები არ ვართ. ჩვენ უბრალოდ მეგობრულ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, მიუხედავად ამისა, ბევრი მცდელობა იყო, ჩავერთეთ პოლიტიკაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. კორესპონდენტის კითხვაზე, ასოცირდება თუ არა "ქართული ლეგიონი“ უკრაინაში სააკაშვილთან, მამულაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი ნაწილი თვლის ასე, თუმცა "ქართულ ლეგიონს“ პოლიტიკასთან შეხება არ აქვს, რადგან ისინი მოქმედი სამხედროები არიან. მამულაშილის თქმით, რატომღაც სურვილიც იყო, რომ ჩვენი ქცევა დეზერტირობადაც წარმოედგინათ. დეზერტირობაა, როდესაც დაყრი იარაღს და ფრონტის ხაზიდან გაუფრთხილებლად წამოხვალ. დღეს ბიჭები იმყოფებიან ჰოსპიტალში, ამას 54-ე ბრიგადაც ადასტურებს“, - წერს სტატიის ავტორი

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

"ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვანის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ. პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ და დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას, თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით - გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

"როგორც ვიცი, ამ საქმეში არიან გარეული ადამიანები, რომლებსაც მხარდამჭერები ჰყავთ ზემო ეშელონებში. პროკურორის ბიძაშვილზე იყო ლაპარაკი, ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, რომ გამოძიება ობიექტური იქნება. მაგრამ საზოგადოების მხრიდან ამან ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ წესით, გამოძიება კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს" - აღნიშნავს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

"ამ ხელისუფლებამ ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ გამოიძია და ვერც სამართლიანობა აღადგინა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ სტაგნაციაა სამართალდამცავ ორგანოებში. სააკაშვილის რეჟიმის სადიზმი შეცვალა დღევანდელი ხელისუფლების გამყინვარებამ. გაყინულია საგამოძიებო პროცესები, მოკვლევა, პროკურატურაც და სხვა. ამათი იმედი საერთოდ აღარ მაქვს. ასე რომ, ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა სახეზეა ყველაფერი - დიდი გამოსაძიებელი არ არის", - აცხადებს პოეტი ვაჟა ოთარაშვილი

"ამაში პოლიტიკური პირები არ არიან ჩართული, ამიტომ ალბათ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, რადგან ამ პროცესს არავინ შეაფერხებს. თუმცა ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, მთავარი საკითხია, რატომ ხდება საზოგადოებაში ეს ძალადობა. ახალგაზრდები უსაქმურად არიან, არ იციან რა უნდა გააკეთონ, ამიტომ ერთმანეთზე ძალადობენ. არადა, დღეს ამაზე არავინ მსჯელობს და მეორეხარისხოვანი თემებით არიან დაკავებული" - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.

“2009 წლიდან ქართველი სამხედროები ახალ წელსა და სხვა რელიგიურ თუ საერო დღესასწაულს სამშობლოდან რამდენიმე ათასი კმ-ის მოშორებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ხვდებიან.  განწყობა ცოტა უცნაურია - ნოსტალგიური და სევდიანი - ყველას უნდა ახალ წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ. ეს განსაკუთრებით ქალებისთვის არის ემოციური, მით უფრო, რომ მათ საქართველოში შვილები ჰყავთ დატოვებული. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, როდესაც ფორმას იცვამ, მშვიდ ცხოვრებას უნდა დაემშვიდობო”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N1, იანვარი, 2018)  სათაურით ავღანური ახალი წელი ფორმიანი ქალბატონებისთვის.

“ეს დღე, რომელიც საქართველოსთან გაახლოებს, რაღაცნაირად შემოდის იქ, მეტი ბედნიერება და იმედი მოაქვს. შარშან ამერიკელ სამხედროებთან ერთად აღვნიშნეთ ახალი წელი და ჩვენი სამხედროების  ბავშვებივით გახარებულ სახეებს რომ უყურებდნენ, თავადაც უხაროდათ. რაღაცნაირები ხართ ქართველები, მხოლოდ ახალი წლისგან კი არა, ყველაფრისგან შეგიძლიათ დღესასწაულის შექმნაო, გვეუბნებოდნენ. არადა, თავადაც ძალიან მხიარულები არიან, ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ დღესასწაულები, მხიარულება და მოლხენა, უბრალოდ, ჩვენსას ინტერესით ადევნებენ თვალს და ამიტომაც აღიქვამენ ასე მძაფრად. ცდილობენ, ჩვენი პატივისცემით ორი ღერი ქართული ისწავლონ, რომ წვენით სავსე ჭიქა მოგიჭახუნონ და გაბადრული სახით გითხრან, გილოსავ, რავალს დესარი...  ამ დროს ჩვენი რეაქცია ძალიან ახალისებთ. მოკლედ, ახალი წელი იქაც ხალისიანია, მთავარია, გარეთ იყოს მშვიდობა, პატრული სრულად ფლობდეს ინფორმაციას და რომელიმე ადგილობრივს, რომელიც ბაზის ახლო ტერიტორიაზე მუშაობს, თალიბებმა ტვინი არ გადაუბრუნონ და თავი არ აიფეთქოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარი, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან.

“სკაიპით ვიდრე შვილს დავურეკავდი, დავიფიცე, არ მეტირა. როდესაც მისი ხმა გავიგონე, შევატყვე, იმ წუთში ყველაზე მეტად მას ვჭირდებოდი, მაგრამ როგორღაც მოვერიე თავს. იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა ჩემი თანამებრძოლი განმარტოვდა - ზოგი დედას ულოცავდა, სხვები ცოლს ან შეყვარებულს. მსგავს სიტუაციაში ბიჭები აქ, დარწმუნებული ვარ, დამცინებდნენ, მაგრამ იქ სხვა გარემოა, სხვანაირი ურთიერთობები, ყველა ერთმანეთს უფრთხილდება, ახლობელივით, ოჯახის წევრივით, გვეძვირფასება... არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისიებში ვიცვლებით, ყველანაირი დაპირისპირება, უთანხმოება და უნდობლობა გვავიწყდება. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ უნდოდეს წასვლა, მხოლოდ ანაზღაურების გამო არა - უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობების გამო. ერთი სიტყვით, როდესაც ჩემმა მეუღლემ გაიგო ჩემი ავღანეთში წასვლის ამბავი, მაშინვე დრო გადაიანგარიშა და გაოცებით მითხრა, ახალ წელს და შობას იქით იქნებიო. ვერაფერი ვუთხარი, სამაგიეროდ, მალე ჩამოვალ-მეთქი. იცის ჩემი ხასიათი - თუ გადავწყვეტ, ვერავინ გადამათქმევინებს. ის მისია იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული ზრდისთვის, რომ ცოტა ხნით შვილსაც კი შეველიე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახალ წელს იქ ტკბილ სუფრას ვაწყობთ, ხილით, ნამცხვრებითა და წვენით. ადრე, როგორც ვიცი, უალკოჰოლო შამპანურიც ჰქონდათ. ბოლოს აღარ მოუტანიათ. ქალები ნაძვის ხეს ვრთავთ. ბიჭები ხუმრობდნენ, სამხედრო ქალის გაწყობილი ნაძვის ხეც კი სხვანაირია, მწვანე და ხაკისფერი ჭარბობსო. შარშან კონცერტიც გავმართეთ. ჩვენი სამხედროებიდან ძალიან ბევრი ცეკვავს და მღერის. “ხორუმი” რომ იცეკვეს სამხედრო ფორმით, ამერიკელები თვალის დაუხამხამებლად უყურებდნენ. ტელეფონებით უღებდნენ ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელის თავიანთ გვერდზე აუტვირთავთ კომენტარებით - ასეთი მაგარი ტრადიციული ცეკვა აქვთ ჩვენს ქართველ მეგობრებსო. ღონისძიების ფინალიც ძალიან კარგი იყო - ქართველ და ამერიკელ სამხედროებს ჯილდოები გადაეცათ. ტორტი ერთად გავჭერით, საზეიმო ვითარებაში. სხვა, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესასწაულის აღნიშვნის დროც წინასწარ გვაქვს გათვლილი, შემდეგ, ყველანი ჩვენს პოსტს ვუბრუნდებით. ასეთია სამხედროს ახალი წელი”, - აღნიშნავს თამარი.

“ახლა ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები არიან, ძველ ბაზებთან შედარებაც არ არის პირობების მხრივ, თუნდაც იმიტომ, რომ გარშემო მაღაზიებია და ყველაფრის შეძენა შეიძლება. მაშინ არ იყო ასე, ნაძვის ხესა და სათამაშოებსა ვერ ვყიდულობდით, ამიტომ ქაბულიდან, კონტინგენტის  მმართველობიდან მოგვდიოდა როგორც ჩვენ, ასევე,  ამერიკელებსაც და ერთობლივად აღვნიშნავდით. პირველ მისიაზე ჰილმენდის პროვინციაში უმეტესად “მშრალ საკვებზე” ვიყავით, მაგრამ საახალწლოდ ისეთი სუფრა გვქონდა, რომ არასდროს დამავიწყდება - გოზინაყი, შოკოლადები, შამპანურები, წვენები, უალკოჰოლო სასმელები, შავი  ღვინო, ყველაფერი, რაც გვენატრებოდა... სამხედროებს შეეძლოთ ერთი ან ნახევარი ჭიქა ღვინო დაელიათ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, სასმლისთვის პირი დაეკარებინოთ. პასუხისმგებლობა სამხედროს ახალ წელსა და სხვა დღეებშიც ერთნაირი აქვს და ერთმა გადაცდენამ შეიძლება შეცდომამდე მიგვიყვანოს”, - ამბობს სამხედრო ექიმი სოფო.  

“დღესასწაულზე ქალის ოჯახის გარეთ ყოფნა ძალიან რთულია, ამას გრძნობდნენ ბიჭები და იმისთვის, რომ ცოტა შეემსუბუქებინათ განწყობა, ყველაფერში გვეხმარებოდნენ, მათ შორის, სასადილოს მორთვაშიც, რომელსაც “ხეჩოს დუქანს” ვეძახდით - კვების სამსახურის უფროსი გვარად ხეჩინაშვილი იყო და მის პატივსაცემად დავარქვით... ყველა დღესასწაულზე და მათ შორის, ახალ წელს პატრულიდან, ჩეკპოინტიდან ან ნებისმიერი დავალებიდან სამხედროების დაბრუნებას ველოდებოდით და შემდეგ აღვნიშნავდით. სხვა დღესასწაულებს რაციებით ვულოცავდით ერთმანეთს. სხვათა შორის, 2012-2103 წლებში ნახევარი საათი გვქონდა დრო ინტერნეტისთვის და ახლაც ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ ეს დრო გვყოფნიდა ყველას მოსაკითხად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევარსაათიან წვდომასაც ყოველ მეორე-მესამე დღეს თუ ვახერხდებით. სიები იყო შედგენილი და რიგში ვდგებოდით. ინტერნეტკაფე კარავში იყო,  ამერიკელებსა  და ქართველებს ხუთ-ხუთი კომპიუტერი გვქონდა, შემდეგ კი სასადილოში შევიკრიბეთ და ვიმხიარულეთ. იმ ღამეს ქართულმა დელეგაციამ ძალიან ბევრი საჩუქარი - გოზინაყი, ჩურჩხელები და ქართული ნუგბარი ჩამოგვიტანა, რომელიც ძალიან გვენატრებოდა და ამ ყველაფერმა გული აგვიჩუყა. რახან ერთი გოგო ვიყავი, მინდოდა, ცოტა განსხვავებულად მომეწყო ყველაფერი, მაგრამ ბიჭებმა დამასწრეს და სიურპრიზი გამიკეთეს - ჩემი კარავი წვიმებითა და ნაძვის ხის სათამაშოებით მომირთეს. ახლაც მაქვს ის საახალწლო სუვენირები, "პატარა ჩექმები", რომლებიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის...”, - დასძენს სამხედრო ექიმი.

2017 წლის 14 დეკემბერს, გორგასლის შესახვევის N12ა-ში,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური  კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე,  ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიის ფარგლებში,  ფოტოხელოვანისა და ომის ვეტერან შაჰ აივაზოვის მუდმივმოქმედი ექსპოზიციაც გაიხსნა. გამოფენა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა. ფოტოხელოვანმა საკუთარი უნიკალური ფოტოკოლექცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს  საჩუქრად გადასცა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი.

“პრემიერ-მინისტრმა და სხვა სტუმრებმა ახალი შენობა დაათვალიერეს. ეწვივნენ არქივს, სადაც ათასობით ვეტერანის შესახებ პირადი ინფორმაციაა დაცული. სტუმრებმა  დიდი ინტერესით დაათვალიერეს შახ აივაზოვის გამოფენაც, რომელიც, ძირითადად, საქართველოს უახლეს წარსულში მომხდარი შეიარაღებული ეთნოკონფლიქტების ამსახველ ფოტომასალას მოიცავს. ფოტოებმა დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც ასახვა პოვა პრემიერის სიტყვაშიც, კვირიკაშვილმა სამსახურს ახალი შენობა მიულოცა.  ვეტერანებს კი სამშობლოს წინაშე გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა და  მათ მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის შესაბამისად შეიქმნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2004 წლის დეკემბრიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს კი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი გახდა. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 23 იანვრიდან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახურის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის დეკემბრიდან უწყებას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე ხელმძღვანელობს. ახალი ოფისი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნიკით. “2014 წლიდან ჩვენი სამსახური სტრუქტურულად დამოუკიდებელი გახდა. დღეს შევძელით, გაგვეხსნა ეს ოფისი და გაგვეგრძელებინა მუშაობა დამოუკიდებლად. ეს გამოფენა ჩვენს ისტორიას შეეხება, ყოველი კადრი საქართველოს, ყოველი მეომრის ისტორიაა”, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ. შენობის პირველ სართულზე მისაღებია, სადაც უწყებაში ვიზიტორ  მოქალაქეებს რამდენიმე ოპერატორი ემსახურება. ასევე, ფუნქციონირებს  ცხელი ხაზი (248 16 26), რომლის მეშვეობითაც ვეტერანებს ნებისმიერ სამსახურთან დაკავშირება და საჭირო საკითხების გარკვევა შეუძლიათ”, - დასძენს გამოცემა.

“თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე (სამაგისტრო) საფეხურს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებში, თავდაცვის სამინისტროსა და მის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებში აუცილებელი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას უზრუნველყოფს. ოფიცერთა სამხედრო განათლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა განათლების სისტემა აგებულია სამხედრო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით და ეფუძნება, როგორც სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე სამოქალაქო განათლების ეროვნულ სტანდარტებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა..

“ქვეყნის წინაშე არსებულმა გამოწვევებმა დღის წესრიგში დააყენა ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო პოლიტიკისა და თავდაცვითი სტრატეგიის დახვეწა-განხორციელებაში. შესაბამისად, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2017 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამოქმედდა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია  კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადება თავდაცვის ანალიზის სპეციალიზაციით. ეს პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ოფიცრებისთვის, თავდაცვის სამინისტროსა და მის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე შესწავლას. პროგრამის ფარგლებში მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან უსაფრთხოების ყველა საშუალებას და სწავლობენ სათანადო კომბინაციების შერჩევას ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამჟამად შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამაგისტრო პროგრამის გავლა სავალდებულო მოთხოვნაა. გარდა კარიერული ზრდის პერსპექტივებისა, მაგისტრის ხარისხი სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ოფიცერს საშუალებას აძლევს უკეთ მოახდინოს ადაპტირება სამოქალაქო სექტორში. პროგრამა მსმენელებში ავითარებს ანალიტიკურად აზროვნების უნარს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების  ანალიზისთვის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები შეძლებენ შესაფერისი მოდელებისა და გადაწყვეტილების მიღების მეთოდების სწორად შერჩევას. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მსმენელები ასევე დაეუფლებიან თანამედროვე ოპერატიულ გარემოში ეროვნული ძალის ინსტრუმენტების გამოყენების მეთოდებს და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამას ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. იმისათვის, რომ ქართული სამხედრო განათლების სისტემა არ ჩამორჩეს თანამედროვე სტანდარტებს, ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად მუშაობს არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, წელს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტთან. მემორანდუმის თანახმად, 2018 წლიდან ბრიტანელი ექსპერტები გაუძღვებიან ომის ტრანსფორმაციის – ჰიბრიდული და ასიმეტრიული  ომების  კურსს, რომელიც თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, აკადემიაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს მუშაობა არსებული სამხედრო და აკადემიური პროგრამების დახვეწისა და თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობაში მოსაყვანად. მაგისტრატურის საფეხურზე ასევე იგეგმება ახალი პროგრამების ამოქმედება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“2017 წლის სეტყვასაშიში სეზონის განმავლობაში “დელტამ” უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, 3 790 სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა. კახეთის რეგიონში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის  მართვის ცენტრი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების  სეტყვისგან დაცვის სამუშაოებს 2017 წლის სეტყვასაშიშ სეზონზე 1-ლი აპრილიდან 1-ლ ნოემბრამდე  აწარმოებდა. სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით "დელტას“ ხელმძღვანელობამ 11 დეკემბერს 2017 წელს შესრულებული  სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ”.

“ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, კახეთის გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც “დელტას” გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის ანგარიში მოისმინეს. 2017 წლის განმავლობაში “დელტას” სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა ჯამში 3 790 სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. 2017 წელი ანომალიურად ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესებით  იყო სავსე, რა დროსაც სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამართული და ოპერატიული მუშაობა უმნიშვნელოვანესი იყო. ამის გათვალისწინებით სეზონის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა – დაფიქსირდა 56  სეტყვასაშიში პროცესი, საიდანაც 53 განეიტრალდა. ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებელმა 25 მლნ 600 ათასი ლარი შეადგინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც “დელტამ” 2013 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის დაკვეთით. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში “დელტას” საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით”, - დასძენს გამოცემა.

მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი, თამაზ ოჩიგავა, 2017 წლის 29 ოქტომბერს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს - დევნილობაში მყოფი ციალა ქანთარია ოკუპირებული აფხაზეთიდან შვილის გადმოსვენებას 21 წელი ელოდა. ბოლოს მან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიმართა. სწორედ ამ უწყებისა და ააიპ “შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის” ძალისხმევით მოხერხდა თამაზ ოჩიგავას ნეშტის საქართველოში გადმოსვენება. მანამდე შვილმკვდარმა დედამ რთული და მძიმე გზა განვლო, როგორც შვილის საფლავთან მარტო დარჩენილმა, მოგვიანებით კი, როგორც დევნილმა და როგორც ემიგრანტმა. ციალა ქანთარიამ რამდენიმე ხნის წინ საქართველო დატოვა, საბერძნეთში გაემგზავრა შვილებთან, რადგანაც ამ ქვეყანაში ომში დაღუპული მეომრის დედისთვის ერთი ოთახის გამოყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს ინტერვიუ მის გამგზავრებამდე ჩავწერეთ...” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / “შვილი თქვენ მომიკალით და რუსეთის დახმარებას არ მივიღებ-მეთქი, უარით გავისტუმრე მსტოვარი”.

“მამისგან ვიცი, რომ რაიხსტაგზე ასვლის ბრძანება სამსონოვმა, ეგოროვმა და მამამ მიიღეს. ჯერ სამსონოვი მოუკლავთ, შემდეგ ეგოროვი დაუჭრიათ. მამაჩემს თურმე ცალი ხელით დროშა მიჰქონდა, მეორით კი დაჭრილ ეგოროვს მიათრევდა. ტარი ხელში დაუჭერინებია და დროშა ისე აღუმართავს ორივეს... ომის შემდეგაც გააგრძელეს მეგობრობა, სანამ ეგოროვი არ გარდაიცვალა. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, მამა ძალიან ნერვიულობდა და ამას გადაჰყვა კიდეც. “ჩვენ თუ ვიბრძოდით, მტერს ვეომებოდით, აქ კი რუსები ძმებს შუა ჩადგნენო”, - ამბობდა. თვალის დასანახად აღარ უნდოდა რუსები”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი ციალა ქანთარია.

“როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, თამაზი ჩემმა უფროსმა ძმამ რამდენჯერმე გადმოიყვანა ენგურის ხიდზე, სანამ ომი არ დამთავრდება, მამაშენთან იყავიო, ის კი უკან ბრუნდებოდა. 1993 წლის 21 თებერვალს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, სოფელ ბესლახუბასთან დაიღუპა ჩემი შვილი. სამი წლის შემდეგ გადმოვედი აფხაზეთიდან, მანამდე შვილის საფლავს ვუვლიდი. ტყვარჩელიდან არსად წასულან აფხაზები, მეც მათ გვერდით ვიყავი. ერთი აფხაზის შვილი ჰყავდა თამაზს მონათლული. დედამისზე ვინც ხელს აღმართავს, ჩემთან ექნება საქმეო, ამბობდა ჩემზე. არც არავინ შემხებია. მხოლოდ ერთი ოჯახი იყო, ჭკადუების. ოთხ საათამდე ვინც არ წავა, დავხოცავთო, იმუქრებოდნენ. ჩემი უფროსი ძმის ცოლი ადლეიბაა გვარად, სუფთა აფხაზი დედისა და მამის მხრიდან, მაგრამ ასე ამბობდა, მთელი აფხაზები შემოევლონ ჩემს ქმარ-შვილსო. თავის შესაფარებლად ჩემი რძლის ძმასთან მივდიოდი. აფხაზი მეომრები შემხვდნენ, მანქანას აკეთებდნენ, სად მიდიხარო, მკითხეს, ჭკადუები მასახლებენ-მეთქი, ვუთხარი, ახლავე უკან დაბრუნდიო. აფხაზეთში ყოფნის დროს შტაბში დამიბარეს, ოცამდე მეომარი იჯდა ავტომატებით. აფხაზად ჩაეწერე და ხმას არავინ გაგცემსო, შემომთავაზეს. მე ვუთხარი, თქვენ მიმართ სიძულვილი თუ მაქვს, გინდ აფხაზად ჩამწერეთ და გინდ თურქად, რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი?! ერთმანეთს გადახედეს, მართალს ამბობსო. რა უნდა მექნა, სახლი არ მქონდა და კარი, ავდექი და ჩემს შვილთან წავედი საბერძნეთში, რომელიც სოხუმელ ბერძენზეა გათხოვილი და ომის შემდეგ იქ გადაიხვეწა”, - განაგრძობს ციალა ქანთარია.

“როცა აფხაზეთი დაეცა, მელიტონი მაშინ 74 წლის იყო და მოსკოვში წავიდა. რამდენიმე თვეში, თამაზის დაბადების დღეს, 27 დეკემბერს გარდაიცვალა. რუსეთის მთავრობას იქ უნდოდა დაეკრძალა, მაგრამ ოჯახის წევრებმა სამშობლოში გადმოვასვენეთ და მშობლიურ სოფელ ჯვარში, სკოლის ეზოში დავკრძალეთ... ათი წლის შემდეგ მომეცა საშუალება, გადავსულიყავი და შვილის საფლავი მენახა. ახლაც მქონდა მცდელობა, მაგრამ არ შემიშვეს. მოწვევას ჩემი აფხაზი რძალი მიკეთებდა, დაურეკეს, ქანთარიას შემოსვლის ნება მივეცითო, ორივეს ისე გვიხაროდა... მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, შეშლიათ, სხვა ციალა ქანთარიაც ყოფილა. ენგურის ხიდიდან გამომაბრუნეს უკან. წელმოწყვეტილი წამოვედი. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გულის შეტევით საავადმყოფოში მოვხვდი. თუ მოვახერხებ, ახლაც ვეცდები შესვლას, ჩემი აფხაზი რძალი მენატრება ძალიან” - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორც იქნა, თამაზის გადმოსვენება მოხერხდა...” - პასუხობს:

“ოჩამჩირეში თამაზის საფლავის უკან ეკალბარდით სავსე ტყე იყო. როცა ჩემები საფლავის მოვლას ვეღარ შეძლებდნენ, ეკალი გადაუვლიდა იქაურობას. აქ კი სანამ საქართველო იქნება, ეს ძმათა სასაფლაოც იარსებებს, 24 წლის ტვირთი მომეხსნა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც შვილი დამიბრუნა. აქ რომ არის, ცოცხალი მგონია. მაგრამ ახლა ამას ვთხოვ ჩვენს მთავრობას, იმ შვილის საფლავს სანთლის დანთება და მოვლა უნდა. ის აქ ჩამოვიყვანე და მე აქედან მივდივარ. ასე შორიშორს მანამდეც ვიყავით. რა გახდა ჩემი ოჯახისთვის ერთოთახიანი ბინა?! – ჯერ ერთი, მამაჩემის სახელის გამო, მეორეც, 21 წლის ბიჭმა საქართველოს ერთიანობას შესწირა თავი. ვისთან აღარ ვიყავი ბინის თაობაზე, ღარიბაშვილით დაწყებული, მარგველაშვილით დამთავრებული. გამარჯვების 70-ე წლისთავზე ჩემ წინ იჯდა ღარიბაშვილი, მომიბრუნდა და მკითხა, ქალბატონო, თქვენ აქ ცხოვრობთო? მე ვუთხარი, სამწუხაროდ, არა, მაგრამ თუ თქვენი წყალობით თავშესაფარი მექნება, ჩემი შვილები სამშობლოში დაბრუნდებიან-მეთქი. კიო, დამპირდა, მაგრამ იმ "კის“ უზარმაზარი წერტილი დაესვა... ასე მპირდება ყველა. უარი მხოლოდ სოზარ სუბარმა მითხრა, ქულები არ გყოფნისო. ხუთ-ნახევარი ქულა მაქვს. ყველას, უფროსი იქნება თუ უმცროსი, პრეზიდენტი თუ პრემიერი, ერთოთახიან ბინას ვთხოვ. საბერძნეთში მივდივარ იმის გამო, რომ ნათესავიდან ნათესავთან სიარული აღარ შემიძლია. იმდენი მიძახეს, დავრდომილი უნდა იყო, ერთი ქულა რომ მოგემატოსო, დამოუკიდებლად გადაადგილება მართლა გამიჭირდა. სანამ თამაზს ჩამომისვენებდნენ, რუსეთისგან მივიღე შემოთავაზება, შვილსაც გადმოგისვენებთ და ბინასაც გიყიდითო. შვილი თქვენ მომიკალით და თქვენს დახმარებას ვერ მივიღებ-მეთქი, უარით გავისტუმრე მსტოვარი”.

“თეიმურაზ ჯორბენაძე აფხაზეთში 1992 წლიდან იბრძოდა. ის 31 წლის ასაკში სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტებმა დახვრიტეს და 24 წელი უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა. გმირის ნეშტი დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშთხვას ძმათა სასაფლაოზე აღმოაჩინეს. ჯორბენაძეს მიღებული  აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, ხოლო 2014 წელს ქობულეთის N მე-3 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა.  თუ როგორ აღმოჩნდა ქობულეთელი ახალგაზრდა აფხაზეთის ომში, ამის შესახებ  ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი აფხაზეთის ომიდან  ნუგზარ სუთიძე გვესაუბრა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული” / “17 ოქტომბერს საქართველოში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ქართველ გმირ სამხედროებს შორის ერთ-ერთი თეიმურაზ ჯორბენაძე იყო, რომლის  ცხედარიც მშობლიურ ქობულეთში გადაასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

“1992 წლის ზამთარი იყო, როცა თეიმურაზი შემხვდა და მითხრა, აფხაზეთში წასვლა მინდაო.  მაშინ ბათუმში “ავღანელთა კავშირი” იყო და იქ მივედით. გადაწყდა, რომ აფხაზეთში ერთად წავიდოდით. ავღანელთა ბატალიონში ჩაგვრიცხეს და წავედით აფხაზეთში. თეიმურაზს ომში წასვლა მისმა ვაჟკაცურმა სულმა გადააწყვეტინა,  თორემ რომელი დედა და ოჯახი მიიღებს შვილის ომში წასვლის ამბავს კარგად, მაგრამ ვერაფერი უთხრეს. თეიმურაზმა შინ სამი ბავშვი - ერთი ბიჭი და ორი გოგონა დატოვა. ყველაზე უმცროსი, ბიჭი, სამი წლის იყო. რომ მოგიყვეთ, როგორი მამაცი მებრძოლი იყო, რას გავუძელით და როგორ გმირულად დაიღუპა, მაგას მირჩევნია გითხრათ, თუ როგორი ბუნების ადამიანი იყო.  ბატალიონში მე და თეიმურაზი საჭმელს ვაგროვებდით და ბავშვებს ვურიგებდით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბავშვი ქართველი, აფხაზი, თუ რუსი იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუგზარ სუთიძე. 

“საბრძოლო გამოცდილებას რაც შეეხება. თეიმურაზს სწრაფი მომზადების კურსი ჰქონდა გავლილი იალღუჯაზე. საბჭოთა ჯარიც ჰქონდა მოხდილი. აფხაზეთის ომში თავიდან ცოტა შებოჭილი ჩანდა, მაგრამ კარგი მსროლელი და ძალიან ალღოიანი აღმოჩნდა.  პირველი შეტაკება  სოფელ ლაბრაში მოგვიხდა და თეიმურაზმა ვაჟკაცურად იბრძოლა. ბრძოლაში ჩვენთან ერთად ბატალიონი “ავაზაც” მონაწილეობდა. მაშინ ორი სოფელი ავიღეთ და “ავაზელი” ორი მებრძოლი დავკარგეთ”, განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როდის შეიტყვეთ, რომ თეიმურაზი სეპარატისტებმა დახვრიტეს?” - პასუხობს:“ჯორბენაძე უკვალოდ დაკარგულად მიაჩნდათ. არავინ იცოდა დაკარგული ბიჭების ამბავი. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ვინც შარტავასთან დარჩა, ყველა დახვრიტეს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ოჯახს ვაიქართველები აკითხავდნენ და ეუბნებოდნენ, თითქოს თეიმურაზი დრანდის ციხეში იჯდა და გამოსაშვებად 60-80 ათასი დოლარი იყო საჭირო...  ბატალიონში ბოლომდე ერთად არ ვყოფილვართ, სხვაგან გადავედი და ოჩამჩირეში წავედი. ის კი სოხუმში ბოლომდე იბრძოდა, სანამ დახვრეტდნენ”.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით