საია - საპარლამენტო საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ხარვეზები, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით

საპარლამენტო საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ხარვეზები, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას მოიცავს.

ორგანიზაციის შეფასებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო თვალსაზრისით გამოვლენილი ხარვეზები განპირობებული იყო ისეთი ძირითადი ფაქტორებით, როგორიცაა პოლიტიკური ნების არ არსებობა, არასათანადო პოლიტიკური კულტურა და მოქმედი რეგლამენტის ხარვეზები.

საია-ს წარმომადგენლებმა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ წარადგინეს. მათი განმარტებით, ანგარიში ეფუძნება პარლამენტიდან მიღებული და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზს, მედიასაშუალებებში პარლამენტის საქმიანობის თაობაზე გავრცელებულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების შედეგად შეკრებილ ინფორმაციას.

როგორც საია-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებობდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი შემდგომი დახვეწის მიზნით დამატებით აქტიურობას საჭიროებდა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, ხოლო ნაწილი არსებული ნეგატიური სახით იყო მიღებული, მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის, პრეზიდენტის, თუ არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობისა.

საია-ს შეფასებით, დაფიქსირდა საპრეზიდენტო ვეტოს პოლიტიკურ სპეკულაციად წარმოჩენის მცდელობა, ადგილი ჰქონდა დისკუსიას, რომელიც არსობრივად სცდებოდა საკანონმდებლო ორგანოსთვის დამახასიათებელი კორექტულობისა და პოლიტიკური დებატების ზოგად სტანდარტს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ საპრეზიდენტო ვეტოსთან მიმართებით გამოიკვეთა შენიშვნების ნაწილობრივ გაზიარების სურვილი, რა დროსაც ცალსახად გამოჩნდა ამ თვალსაზრისით პარლამენტის რეგლამენტის მოუქნელი ბუნება.

კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საია-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების ყველა ეტაპი არაერთი ხარვეზით წარიმართა, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსესუსის არარსებობა განაპირობა.

პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, საია-ში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უფრო კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაში და უმეტესად თავს იკავებდნენ კრიტიკული ხასიათის კომენტარებისაგან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, ძირითადად აფასებდნენ წინა ხელისუფლების საქმიანობასთან შედარების გზით.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, საია-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ მათ მიერ გაკეთებული მწვავე და კრიტიკული განცხადებები უმეტეს შემთხვევაში ვიწრო პოლიტიკური კონტექსტითაა განპირობებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა