პროკურორის ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის პროკურორის, ნანა ხუნჯუას ინფორმაციით, პანკისში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. როგორც პროკურორმა განმარტა, მტკიცებულებების ერთობლიობა მათ შორის ჩვენებებსაც მოიცავს.

"ზურაბ იდოიძის დაკავება მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებების ერთობლიობა მათ შორის მოიცავს მიღებულ ჩვენებებსაც. დანარჩენ დეტალებზე, მტკიცებულებების შინაარსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება სხვა პირებს, ვისაც გამოძიებისთვის ჩვენებები აქვთ მიცემული, ნანა ხუნჯუა მათ ვინაობას არ ასახელებს.

"გამოძიება გრძელდება და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გავასაჯაროოთ იმ პირების ვინაობა, თუ ვინ იძლევა ჩვენებას და ასევე გავასაჯაროოთ მტკიცებულებების შინაარსი", - განაცხადა პროკურორმა.

ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

რაც შეეხება ზურაბ გორნაკაშვილს, ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.