გიორგი კახიანის აზრით, მინისტრების ფრაქციის სხდომაზე დაბარებისა და ფრაქციის ფორმატში მოსმენის სისტემა გასაუქმებელია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის აზრით, მინისტრების ფრაქციის სხდომაზე დაბარებისა და ფრაქციის ფორმატში მოსმენის სისტემა გასაუქმებელია.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაციამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, კახიანმა რეგლამენტის შესაბამის ნორმას “მკვდარი ნორმა“ უწოდა.

“ხომ არ ჯობია, ეს ფუნქცია უფრო კომიტეტების აქტივში გადავიტანოთ და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს კომიტეტებში აღნიშნული საკითხის დაყენების საშუალება მიეცეს. ახალი კონსტიტუციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის ინიციატივაზეა დამოუკიდებული. ხომ არ სჯობს, მსგავსი მექანიზმი კომიტეტების საქმიანობაშიც დავამკვიდროთ და რეგლამენტის ეს მკვდარი ნორმა, რომელიც არაფრის მომცემია და რომლის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ არსებობს, ქმედითი მექანიზმით შევცვალოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა შეხვედრაზე.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის პასუხად საია-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს არა ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების მექანიზმის გაუქმება, არამედ მათი პასუხისმგებლობის გაზრდა საპარლამენტო კონტროლის და კონკრეტული ფრაქციების მიმართ.

“ფრაქციასა და კომიტეტს სხვადასხვა მიზანი აქვს. ფრაქციებში უფრო განსხვავებული საკითხები შეიძლება დაისვას, უფრო კრიტიკული განხილვები წარიმართოს, ვიდრე კომიტეტებში. იმის გამო, რომ მინისტრები ფრაქციებში არ მოდიან, არ ნიშნავს, რომ ეს მექანიზმი უნდა გაუქმდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის წევრებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ კონკრეტული ფრაქციების მიმართ და არა მხოლოდ უმრავლესობის ფრაქციების მიმართ, რომელმაც მთავრობა დააკომპლექტა. კონტროლის მექანიზმი სწორედ ის არის, რომ საპარლამეტო ოპოზიცია აქტიურად იყოს საპარლამენტო კონტროლში ჩართული“, - განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ნინო ცუხიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს ფრაქციამ მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

აღნიშნული მუხლის საფუძველზე საპარლამენტო ოპოზიციამ ცალკეული მინისტრები ფრაქციის სხდომაზე არაერთხელ დაიბარა, თუმცა რეგლამენტით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, მთავრობის წევრები პარლამენტში არ მივიდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს