ლევან იზორია საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის პრინციპული მხარდაჭერა, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან განიხილა. ლევან იზორიამ, ფატმა ჯერენ იაზგანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ლევან იზორიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თურქ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა მადლიერებით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე, ასევე, სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება წვრთნებსა და საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზეც იმსჯელეს. ამ კონტექსტში საუბარი სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს შეეხო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თურქეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი, გიზენ შენი დაესწრნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზექი ლევენთ გურმუქჩუ შეცვალა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ასრულებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს