სერგი კაპანაძე - ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების მექანიზმის გაუქმება მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების მექანიზმის გაუქმება მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს.

როგორც კაპანაძემ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განმარტა, ეს არის ინსტრუმენტი ფრაქციის ხელში, რომ პარლამენტში მოიყვანოს მინისტრი, დაუსვას მას კითხვები და ანაგარიშვლადებული გახადოს, თუმცა პრაქტიკული მისი გამოყენება იმის გამო არ ხდება, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

“თუკი რეგლამენტის შესაბამისი ჩანაწერი გაუქმდება, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ფრაქციათა ხელში ინსტრუმენტიც კი არ იქნება. ეს ინსტრუმენტი გაძლევს საშუალებას, უმრავლესობის გარეშე აწარმოო კითხვების დასმა და შემდეგ პოლიტიკურ დისკუსიაში შეხვიდე, რის საშუალებასაც სხვა ფორმატები - არც საკომიტეტო მოსმენა და არც სამთავრობო საათი არ იძლევა. ყველა ამ ფორმატში უმრავლესობას გააჩნია დისკრეცია, როდის მოგცემს სიტყვას, როგორი იქნება სიტყვის თქმის ხანგრძლივობა და ზოგადად, ფორმატი. ჩვენ უარი ვთქვათ მთავრობის წევრების ფრაქციის სხდომაზე დაბარებაზე და ისინი მათთვის კომფორტულ ფორმატში მოვიდნენ, როცა წინასწარი უნდა გაუგზავნო კითხვები, შემდეგ აღარ შეგიძლია კითხვებში ჩაიძიება - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ისეთი ფორმით არსებული სამთავრობო საათი, როგორიც არის დღეს, ნამდვილად არ ანაცვლებს ფრაქციაზე დაბარების ფორმატს. ამის გადახედვა კატეგორიულად მიუღებელია“, - აცხადებს კაპანაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის აზრით, მინისტრების ფრაქციის სხდომაზე დაბარებისა და ფრაქციის ფორმატში მოსმენის სისტემა გასაუქმებელია.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაციამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, კახიანმა რეგლამენტის შესაბამის ნორმას “მკვდარი ნორმა“ უწოდა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს ფრაქციამ მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

აღნიშნული მუხლის საფუძველზე საპარლამენტო ოპოზიციამ ცალკეული მინისტრები ფრაქციის სხდომაზე არაერთხელ დაიბარა, თუმცა რეგლამენტით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, მთავრობის წევრები პარლამენტში არ მივიდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო