სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეებს გორში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს პროგრამა გააცნეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, გიორგი მიშელაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა მის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულებს შესაძლებლობა აქვთ, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე. სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს ვალდებულება დაეკისრება, დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა