გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე „ფრესკოს“ სუპერმარკეტთან, სადაც სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ, სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. მედიკოსების მისვლის მიზეზი უცნობია, ისევე, როგორც ამ დრომდე არ კონკრეტდება, ვისი დაკავების ღონისძიებას ატარებენ სამართალდამცველები.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სამართალდამცველები გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაციას ატარებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათი განმარტებით, დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებიც მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. ახლომდებარე კორპუსებთან სამართალდამცველთა ჯგუფები გადაადგილდებიან.