ირაკლი კობახიძე -  მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა

ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიზაროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტი მიერ ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და საკმაოდ დაბალი რეიტინგი, მომზადებული ცვლილებები კი სწორედ მისი რეიტინგის ზრდის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

„ვეტოს დადება კანონპროექტზე არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს. ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება - დაახლოებით 50 მილიონზე მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიზაროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პრეზიდენტის ძირითადი შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და მეორე მხრივ, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო