საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. დოკუმენტს ხელი ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ და სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ მოაწერეს.

მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი ახალ ეტაპზე გადაიყვანს ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობას.

ორმხრივი ურთიერთობისა და ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ. ინარა მურნიეცეს თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღირებულებებზეა დამყარებული და მემორანდუმი არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი თანამშრომლობა დამყარებულია ღირებულებებზე და ესაა საუკეთესო საფუძველი ორ ქვეყანასა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი არის მისწრაფება დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, ჩვენი კულტურული ღირებულებები და კავშირები. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი, ისევე, როგორც საპარლამენტო ურთიერთობები. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირები არის შესანიშნავი, მაგრამ არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა“,- განაცხადა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ.