ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

,,ჩვენი მთავარი პრობლემა და საშიშროება იყო ის, რომ შესაძლო იყო ბრალი შეეცვალათ. ძირითადად, ახალი მტკიცებულების საფუძველზე გამოკითხული არიან მოვაჭრეები, რომლებიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე კერძო საქმიანობით არიან დაკავებულნი. შესაბამისად, სხვა ახალი მტკიცებულებები არ არსებობს. გუშინ მოხდა გადაუდებელი აუცილებლობით ღონისძიებების გატარება და დღეს მოხდა სასამართლოს მიერ ამის დაკანონება და ჩაიდო საქმეში. ასევე, მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომ „სტამბოლის ბაზრიდან“ თუ გავიდა ვინმე იმ საათებში და დროში. რა თქმა უნდა, გიორგი ჭანტურია არ ფიქსირდება და ვერც იქნება თეორიულად, რომ საზღვარი გადაეკვეთოს მას, იმ დროს, როცა შემთხვევა მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არის. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა ამ შემთხვევაში არა გადაუდებელი აუცილებლობით, არამედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და რა თქმა უნდა, იქაც არაფერი იყო, რასაც ველოდით კიდეც“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ საქმე გაიხსნება, მაგრამ არა გიორგი ჭანტურიას ხარჯზე. ,,იმედი მაქვს, მოგეხსენებათ, რომ ბატონმა შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ გააკეთა განცხადება, რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ძალიან მალე ეს საქმე გაიხსნება. მე წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა პირადად მას, მაგრამ ამ შემთხვევაში არა გიორგი ჭანტურიას ხარჯზე“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, გიორგი ჭანტურია დეპრესიულ მდგომარეობაშია, ამიტომ ცდილობენ, ხშირად შევიდნენ მასთან არა მხოლოდ საადვოკატო, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიზნით, რათა იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც საქმეშია, განწყობა აუმაღლონ მას, რადგან არანაირად არ დასტურდება გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა იმ მიმართულებით, რომ მას სამსონ ქუთათელაძის გარდაცვალების საქმესთან რაიმე კავშირი აქვს. ადვოკატის თქმით, თავად გიორგი ჭანტურიაც კატეგორიულად უარყოფს ამას და აცხადებს, რომ არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა