ლია მუხაშავრია - ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოსთვის მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გახდა ნიშანი იმისა, რომ თამაზ ქვლივიძისთვის საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინა

ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოსთვის მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გახდა ნიშანი იმისა, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინა, - ამის შესახებ ე.წ. „ბასიანის საქმესთან“ დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მუხაშავრიას მართებულად არ მიაჩნია იმის მტკიცება, რომ ქვლივიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები აუცილებლად წინაწარ პატიმრობას საჭიროებდა. „სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაა საჭირო. ნუ დაგვავიწყდება, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არამც და არამც არ გულისხმობს წინასწარი გამოძიების ეტაპზე ყველა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული. მე მესმის, რომ შეიძლება ძალიან საშიშად გამოიყურება, რომ სამი მუხლი აქვს ადამიანს კვალიფიკაციის სახით დადგენილი, მაგრამ ეს არის წინასწარი გამოძიების ეტაპი. ამ ეტაპზე არანაირად არ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რადგან მის მიმართ ჯერ არ დამდგარა განაჩენი. ვფიქრობ, ის აჟიოტაჟი, რომელიც მედიაში ატყდა იმის გამო, რომ ამ პირს არ შეუფარდეს პატიმრობა წინასწარი გამოძიების ეტაპზე, გახდა სააპელაციო სასამართლოსთვის ნიშანი იმისა, რომ საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინა“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო 30 000 ლარის ოდენობით, პატიმრობით შეუცვალა.

ქვლივიძეს ბრალად ედება 13 იანვარს კლუბ “ბასიანში” დაცვის ორი წევრის დაჭრა და პოლიციის მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომელმა მიიღო ხელის ნაკვეთი ჭრილობა.