წლებია ნარჩუნდება ის ტენდენცია, რომ საზოგადოების ნაწილი არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის დისტანცირებული პროცესისგან, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
ბენიძე "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებში.
"ზოგადად, არჩევნების კონტექსტში ცხადია მნიშვნელოვანია ეს კვლევები. ჩვენ გვახსოვს 2016 წლის კვლევები, არჩევნების წინ თითქმის გამოკითხულთა 60% აცხადებდა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა. უკვე წლებია ნარჩუნდება ტენდენცია, რომ საზოგადოების ნაწილი არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის დისტანცირებული პროცესისგან, აქვს უნდობლობა პოლიტიკური პროცესისადმი და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც ერთი პარტიისადმი ვერ ავლენს სიმპათიებს. ეს ალბათ არის დაფიქრების მიზეზი პოლიტიკური პარტიებისთვის, იმისთვის, რომ მათი პროგრამები იყოს ძალიან ახლოს საზოგადოების მოთხოვნებთან და გამოწვევებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც ვითარება უმჯობესდება. ადგილობრივი თვითმმართველობის წინ მაგალითად, ისეთი საკითხები როგორიც არის: გარემოს დაცვის, პარკირების თემები და ა.შ. ამ საკითხებზე მსჯელობა ნელ-ნელა საზოგადოებაში იწყება და ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა ასეთ თემებზე. NDI-ის კვლევებშიც ადგილობრივ თემებში აღნიშნული საკითხები პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს ", - განაცხადა ბენიძემ.