ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გიორგი ჭანტურიას 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვის დროს კითხვები შეეხებოდა 15 იანვარს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე გარდაცვლილი თავის კაბინეტში იპოვეს.

„გიორგიმ ჭანტურიამ ძალიან დეტალურად, სრულფასოვნად გასცა კითხვებს პასუხები“, - აცხადებს ადვოკატი.

„რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, გიორგი ჭანტურიამ დღესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუ რაიმე კითხვა ექნება გამოძიებას, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, თუმცა ერთი თხოვნა, მოთხოვნა მექნება შსს-თან და პროკრატურასთან, რომ ასე როგორც დღეს მოხდა, დაკითვის მიზნით მიადგნენ საავადმყოფოში უმწეო მდგომარეობაში მყოფ გიორგი ჭანტურიას მამას, იმედია აღარ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. დღევანდელი გამოკითხვა ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა, ოქმში ისიც კი დაფიქსირდა, რომ თურმე ჩვენ შევისვენეთ. წინა გამოკითხვის ოქმებში მსგავსი რამ არ ყოფილა“, - განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებას გიორგი ჭანტურიასთან განსხვავებული კითხვები არ დაუსვამს, უბრალოდ მისი უფრო დეტალური გამოკითხვა მოხდა.

„ახლი ინფორმაცია არ მიუწოდებია, მაგრამ უფრო დეტალური გამოკითხვა მოხდა. საქმეში სხვა გამოკითხვის ოქმები დევს და მოგეხსენებათ, რომ ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს. ამ ადამიანების გამოკითხვის ოქმების მეშვეობით მოხდა კვლავ დასაზუსტებელი კითხვების დასმა. მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დაიბარონ გამოკითხვაზე გიორგი ჭანტურია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლებელია კითხვები გაუჩნდეთ. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გიორგი ჭანტურიას მამა უკვე გამოკითხულია და თუ კიდევ ექნებათ კითხვა, ბატონი ზურა ჭანტურია მზად არის, მოვიდეს და გასცეს შესაბამისი პასუხები“ , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია, მისი მეუღლე და და- მარიამ ჭანტურია გამოკითხვაზე დაიბარეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.