სულხან სალაძე - თუ დანაშაულის ჩადენისას ”პატრონიანისა” და ”უპატრონოს” დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ

მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, სახელმწიფო ავტომატურად ჩამოშლისთვისაა განწირული. თუ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენისას ”პატრონიანისა” და ”უპატრონოს” დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ, - ამის შესახებ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ ”პატრონს” მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ.

”ვიდრე სახელმწიფოს არ ექნება ეფექტიანი დამოუკიდებელი მექანიზმი კრიმინალური ფაქტების სათანადოდ გამოსაძიებლად, კითხვები კიდევ უფრო მწვავე გახდება. ფაქტია, გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. არც ისე დიდი ხნის წინ ზუგდიდში ვიცავდით მოქალაქეს. მას სამართალდამცველებმა სცემეს და როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის იჩივლა, რეალობის დადგენის ნაცვლად, საგამოძიებო პროცედურები არ ჩატარებულა და საბოლოოდ, საქმე ცრუ დასმენად გადაკვალიფიცირდა. დღეს მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ცემაში სდებდა ბრალს, თავად იხდის სასჯელს ცრუ დასმენისთვის. მსგავსი შემთხვევები ბადებს აზრს დაუსჯელობის სინდრომზე. მუხლების გადაკვალიფიცირება და ამ გზით გამოძიებისას სხვადასხვა მანიპულაცია მართლაც ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საბოლოოდ ამას მივყავართ იმ შედეგამდე, რომ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ ”პატრონს” მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ... სწორედ ამიტომ ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს ნებისმიერი საქმის ობიექტური გამოძიება. რაც შეეხება ქვლივიძეს საქმეს, დასადგენია, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არგუმენტირებული იყო პროკურატურა და დასაბუთებულად ითხოვდა თუ არა ბრალდებულის დაკავებას; ასევე გამოსაკვლევია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განსხვავებული გადაწყვეტილებების მიზეზი. მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არა მხოლოდ უსამართლო, არათანმიმდევრულიც არის”, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ქვლივიძის საქმეს უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, რადგან ”ბასიანის” ინციდენტმა უამრავი კითხვა გააჩინა.

”ქვეყანაში მსგავსი ვითარება მართლმსაჯულების რეფორმის არარსებობამ განაპირობა. ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებს გვთავაზობდა და დღემდე ასეა, რამაც სისტემა ვერ გააჯანსაღა, პირიქით, მეტი პრობლემა გაჩნდა, რაზეც არა მხოლოდ ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიგვანიშნებენ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობამ გასაუბრების დახურვა მოითხოვა, რაც, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს, რადგან არ ვიცით, კონკრეტული პირი მოსამართლედ რა კრიტერიუმით აირჩიეს, გამოვლინდა თუ არა გასაუბრებისას ნეპოტიზმის ნიშნები, თუ ვინმე მოსამართლედ იმის გამო აირჩიეს, რომ მასზე ზეგავლენა დაინტერესებული ჯგუფისთვის იოლი იქნება. მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, სახელმწიფო ავტომატურად ჩამოშლისთვისაა განწირული. თუ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენისას ”პატრონიანისა” და ”უპატრონოს” დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ”, - აღნიშნა სალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა