ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2018

ვინ იქნება პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი?

მოსახლეობის შემოსავლის 20% აზარტულ თამაშებში იფლანგება

ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის შეცვლას?

***

ოპოზიციის გამაერთიანებელი აპოლიტიკური ფიგურა

“ალეკო ელისაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნიკა მელია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე - საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე ასეთია იმ სავარაუდო კანდიდატების სია, რომლებიც შესაძლოა, ოპოზიციიდან დასახელდნენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია საერთო ნეიტრალურ კანდიდატზე არ შეთანხმდება, მმართველი გუნდის დამარცხება გაუჭირდება. ხოლო თუ საერთო კანდიდატი გაიმარჯვებს, გაუჩნდებთ შანსი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოიგონ. არაოფიციალური ინფორმაციით, როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში სამი კანდიდატურა - პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განიხილებიან. გავრცელებული ვერსიების თანახმად, კვირიკაშვილს პარტია "ქართული ოცნება" ლობირებს, სერგეენკოს, სავარაუდოდ - ყოფილი პრემიერი, არჩილ თალაკვაძეს კი - დედაქალაქის მერი კახა კალაძე. სულ ახლახან დასახელდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც, თუმცა არც ერთ მათგანზე "ქართულ ოცნებაში" ღიად არ საუბრობენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ოპოზიციის გამაერთიანებელი აპოლიტიკური ფიგურა / ვინ იქნება პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი?

"იქნება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი "ქართული ოცნების" კონკურენტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯერ უცნობია, მაგრამ თავად გიორგი მარგველაშვილი ამას არ გამორიცხავს. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა კანდიდატებს, არჩევნებში ჩართვის სურვილი ღიად მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა გამოთქვა, ხოლო ალეკო ელისაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლონ. სავარაუდოდ, საკუთარი კანდიდატურა ეყოლებათ "შენების მოძრაობას" და "პატრიოტთა ალიანსს", თუმცა მათი ვინაობა ვერსიების დონეზეც კი უცნობია. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია იმდენად არაპროგნოზირებადია, კონკრეტული გვარების დასახელება ამ ეპატზე რთულია. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ მათ ხელისუფლებასთან სერიოზული კონკურენციის სურვილი აქვთ, ვიწრო პარტიული ინტერესი უნდა გადადონ და საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არაპროგნოზირებადია, რთულია კონკრეტულ გვარებზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ პარტიებს საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ძაბირაძის თქმით, ოპოზიციის წინაშე დგას სტრატეგიული ამოცანა, მათ საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ ხელისუფლებასთან არჩევნების გზით ბრძოლა შესაძლებელია. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებასთან ბრძოლას ოპოზიციის მიერ დასახელებული საერთო კანდიდატი მოიგებს, მათ უჩნდებათ შანსი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მოიგონ. ამდენად, ოპოზიციამ უნდა იფიქროს არა პარტიული კანდიდატის გაყვანაზე, არამედ ერთობლივად შეარჩიონ შეიძლება სულაც აპოლიტიკური ადამიანი, რომელიც ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება. თუ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ, მაშინ საპრეზიდენტო სავარძლისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა შეიძლება. რამდენად რეალურია, რომ ეს საერთო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყოს, ძაბირაძე ამბობს, რომ მას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს გზა უკვე გაიარა, მარგველაშვილზე საზოგადოებრივი აზრი უკვე ჩამოყალიბებულია. ამიტომ მისი "გაქაჩვა" უფრო რთული იქნება, ვიდრე ისეთი კანდიდატის, რომელსაც სახელისუფლებო სავარძელი არასდროს დაუკავებია. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ ჯობია, საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს და დამარცხდეს, ვიდრე საერთოზე შეთანხმდნენ. მაგრამ თუ ოპოზიცია პარტიულ ინტერესებს დაივიწყებს, მაშინ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან საინტერესო გახდეს", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" იმ სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს, ვისაც, მისი აზრით, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაასახელებენ. ჩიტაძის აზრით, შესაძლოა, მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელია დაასახელოს. იმიტომ, რომ თბილისის მერობაზე მისი კანდიდატურა იყო წამოყენებული და წინასაარჩევნო გამოცდილება აქვს ისევე, როგორც "ევროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათი კანდიდატურები დასახელდება. რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატს, პოლიტოლოგს ეჭვი ეპარება, რომ ამაზე შეთანხმება შედგეს. პოლიტოლოგის აზრით, გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და არა რომელიმე პარტიის სახელით. მის კანდიდატურას ის მინუსი აქვს, რომ მას "ქართული ოცნების" მომხრეები არ დაუჭერენ მხარს, მაგრამ პლუსი ის აქვს, რომ, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობს. რაც შეეხება საერთო კანდიდატს, არა მგონია, ეს მოხერხდეს, რადგან დღესაც დავაა იმაზე, თუ ვინ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამასთან, ვნახეთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატზეც ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაუჭირდებათ საერთო კანდიდატურის შეჯერება", - წერს სტატიის ავტორი.

მოსახლეობის შემოსავლის 20% აზარტულ თამაშებში იფლანგება

"საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის დაახლოებით 20% აზარტულ თამაშებში იხარჯება. ზოგიერთი მოთამაშე კაზინოებსა და ტოტალიზატორებში - შემოსავლის ნახევარს, ზოგიც მთელ ჯამაგირს ტოვებს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ხალხი ტოტალიზატორებზეა დამოკიდებული. მხოლოდ კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 2017 წელს მოსახლეობის შემოსავალი 12%-ით შემცირდა. ეს არის ის ხარკი, რომელსაც ადამიანები უხდიან საკრედიტო დაწესებულებებს ან რასაც ადამიანი ოჯახის წევრების მალულად სათამაშო ბიზნესში ხარჯავს. თუკი მაღალშემოსავლიანი სეგმენტი ძირითადად სამორინეებზეა დამოკიდებული, ტოტალიზატორსა და ონლაინ თამაშებში უბრალო ხალხი მასობრივადაა ჩაბმული, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი და ოჯახს ლუკმაპურის სახსარსაც აცლიან. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ აზარტული თამაშებია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსახლეობის შემოსავლის 20% აზარტულ თამაშებში იფლანგება / მარტო 2017 წელს ოჯახის შემოსავალი 12%-ით შემცირდა ტოტალიზატორებსა და კაზინოებზე მზარდი დამოკიდებულების გამო

"სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ კანონპროექტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ცვლილება არ შევა ძალაში. რამდენიმე წელია, რაც ხელისუფლებაში საკანონმდებლო ცვლილებაზე მიდის საუბარი, კანონპროექტზე მუშაობაც დასრულებულია, მაგრამ მისი მიღება ჭიანურდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით, 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა. მათ შორის, მერვე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული საკითხი არაერთხელ იდგა დღის წესრიგში, თუმცა პროექტის მომზადება ვერ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზეა, არის ის, რომ აზარტულ თამაშებში ადამიანები, 18-ის ნაცვლად, დაიშვებიან 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან, შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ირაკლი ბერაია ამბობს, სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრიც თავად არის, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა 2017 წლის ნოემბერში დაასრულა. ბერაიას თქმით, ყველა მწვავე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, აზარტულ თამაშებში ჩართვა, 18-ის ნაცვლად, 21 წლიდან რომ იყოს დასაშვები. პარლამენტში განხილვა რომ დაიწყება, კანონპროექტის დეტალური ანალიზი მოხდება. ჩემი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი არის დაბალანსებული. მისი მიღების შემთხვევაში არც ბიზნესი დაზარალდება და არც ასეთი სოციალური პრობლემები გვექნება, რაც აზარტულ თამაშებში ბავშვების ჩართვის გამო გვაქვს. რაც შეეხება ონლაინ კაზინოების სრულ აკრძალვას, ბერაიას თქმით, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა არ ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, სრული აკრძალვა არასწორი და არაეფექტური იქნება. ბერაიას თქმით, აკრძალვა სწორი მიდგომა არ იქნება. ამან ზოგიერთ ქვეყანაში ვერ გაამართლა. ჩვენ მესამე ვარიანტი ავირჩიეთ, თუმცა საბოლოოდ განხილვის შემდეგ გადაწყდება, როგორ კანონპროექტს შევიმუშავებთ. იგი იქნება ეფექტური, თუკი ჩვენ რეგულაციების გზას ავირჩევთ. აკრძალვის შემთხვევაში აზარტული თამაშები ქუჩაში გადაინაცვლებს, რაც გაზრდის კრიმინალს, პატიმრების რაოდენობას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ციხეში მეტი ადამიანი იჯდეს", - განაგრძობს გამოცემა.

"სპეციალისტების შეფასებით, მოქალაქეები აზარტულ თამაშებში შემოსავლის სულ უფრო მზარდ ნაწილს ხარჯავენ. დამოკიდებულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისგან თავის დაღწევა. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" განმარტა, საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ აზარტული თამაშებია. არჩვაძის თქმით, ადამიანები ბანკიდან იღებენ კრედიტს ოჯახის სხვა წევრებისგან ფარულად, შესაძლოა, ბინა იპოთეკით დატვირთონ და აღებული ფულით კაზინოში სცადონ ბედი. ასეთი მაგალითი საკმაოდ ბევრია. ამით ზარალდებიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულებიც. განსაკუთრებით ახალგაზრდების მდგომარეობაა შემაშფოთებელი. შინამეურნეობების შემოსავლის დაახლოებით 20% სწორედ სხვადასხვა სახის აზარტული თამაშისკენ მიიმართება. საქართველოში, სადაც ყოველი მესამე ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, ეს სავალალო სტატისტიკაა. ასეთ დამოკიდებულებას სამომავლოდ დრამატული ფინალი ექნება არა მარტო მოთამაშეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მთელ ხელფასს აზარტულ თამაშებში ფლანგავს. შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს ამ ბიზნესიდან, სავალალო შედეგის მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა", - დასძენს გამოცემა.

"არჩვაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი, ასაკობრივთან ერთად, მოთამაშეებზე შეზღუდვა თანხობრივადაც დაწესდება, რაც მდგომარეობას ცოტათი შეცვლის. გარკვეული ფულადი ზღვარის აწევა კაზინოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების ინტენსივობას ასეთ დაწესებულებებში აშკარად შეამცირებს. თავის დროზე ნაბიჯი გადადგა შევარდნაძემ თბილისიდან კაზინოების გატანის მიმართულებით, მაგრამ ეს საკითხი განუხორციელებელი დარჩა. ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ დამანგრევლად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე სესხებზე დამოკიდებულების ზრდა და დიდი ფულის ხარჯვა აზარტულ თამაშებში. მოსახლეობას 2013 წლის შემდეგ შემოსავალი კი არ გაეზარდა, არამედ შეუმცირდა. მარტო კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 2017 წელს ოჯახის შემოსავალმა 12%-ით იკლო. ეს არის გასაშუალებული მაჩვენებელი, მაგრამ არის მოსახლეობის კატეგორია, ვისაც კიდევ მეტად შეუმცირდა განკარგვადი თანხა. ზოგიერთი ხელფასის ნახევარს ტოტალიზატორებში და კაზინოებში ტოვებს", - წერს სტატიის ავტორი.

ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის შეცვლას?

"ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს ნარკომოხმარების წახალისების მაპროვოცირებელი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა. გახარია მომხრეა, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების საკითხი სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში განიხილონ, "იმის მაგივრად, რომ ბევრ სხვადასხვა ადგილზე იყოს მსჯელობა". ვხედავთ, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან თემაზე დისკუსია დროში ხანგრძლივად გრძელდება და ასეთი დროის ხარჯვა არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ რისკებს და მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულება არის ის, სადაც მკაცრი მიდგომა არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასამკაცრებელიც იყოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის ერთმნიშვნელოვნად დაცული უნდა იყოს", - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, შსს-ს ძირითადი ამოცანაა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს წახალისებას", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი", კითხვით: ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის შეცვლას?

"ნარკოპოლიტიკის რეგულირება პარლამენტში საკმაოზე მეტად დავაგვიანეთ. ამიტომ ამ მიმართულებით მსოფლიოში სამარცხვინო იმიჯი გვაქვს. ჯერ ერთი, რეგიონში ვითვლებით ყველაზე აქტიურ ნარკომომხმარებლებად და, მეორე, უკვე ჩამოყალიბდა საქართველო ნარკოდერეფნად. თუ სტატისტიკას დაუკვირდებით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი ყოველ წელიწადს ერთიორად იზრდება. მთავარი უბედურება ის არის, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი თანდათანობით მცირდება. ჩვენი შვილები და შვილთაშვილები უკვე ნარკომანებად ყალიბდებიან - ეს ეროვნული უბედურებაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველო ჯერ არ არის მზად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის. თუ ნარკომოხმარება არ იქნება მკაცრად რეგლამენტირებული სისხლის სამართლის დანაშაულად, დარწმუნებული ვარ, ერთი წლის შემდეგ გახუთმაგდება საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი. ამიტომ ნუ მივბაძავთ დასავლეთს", - აღნიშნავს მწერალი რეზო მიშველაძე

"მომხრე ვარ ლიბერალური კანონმდებლობის. ისეთი რამეა, რომ ყველგან მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა მოგვარებულია", - აცხადებს რეჟისორი გიორგი შენგელაია

"რა თქმა უნდა, გასატარებელია, ერთი ალთასაა, - მეორე - ბალთას. ყველა საკითხი შესაჯარებელია და ამაში საზოგადოების ჩართულობაა საჭირო. ოღონდ თავად ხალხის და არა ენჯეოების", - აცხადებს მსახიობი გია ბურჯანაძე

"გააჩნია, ნარკოპოლიტიკის შეცვლას რას ეძახიან. საქართველოში ნარკოტიკებზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ყველანაირი საშუალება უნდა აიკრძალოს, რითაც ნარკოტიკის გაკეთება შეიძლება. ზოგადად კი, ანაშის გამო ადამიანი არ უნდა დაიჭირონ, ეს სისულელეა. მაგრამ ე.წ რეალიზატორები, გამსაღებლები აუცილებლად დასაჭერია", - დასძენს მომღერალი ნუგზარ კვაშალი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო