ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას დატოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას დატოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, შენობის დაცლა აპრილის დასაწყისში მოხდება.

მისივე თქმით, სამინისტროს მომავალ შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუ უკვე არსებულ შენობებში ყველა თანაშრომლის განთავსება მოხდება, შესაძლოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობა არ აშენდეს, თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე კვირაა საჭირო, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირადად ის მუშაობას ამჟამად იუსტიციის სახლში, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროსთვის განკუთვნილ სართულზე აგრძელებს.

„იუსტიციის სახლში ჩვენი სამინისტროს აპარატი მთლიანად ვერ თავსდება, ამიტომ სხვადასხვა შესაძლებლობას და ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის, იმას, რომ დროებით სამინისტრო და სააგენტოები სხვადასხვა შენობებში განვათავსოთ და შემდგომში უკვე ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ყველანი რაიმე ერთ შენობაში გადასვლას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გარემოს დაცვის ყოფილ შენობას, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს შენობა სრულად დატვირთულია და ის დარჩა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაცია 2015 წელს მოხდა და ის 9 450 000 დოლარად გაიყიდა. ამის შემდეგ სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10 ნომერში ნაქირავებ შენობაში გადავიდა.