ნოდარ ხადური - კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ, უზენაესი სასამართლოს დავალებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რომ აღნიშნული საკითხი ხელახლა შეისწავლოს.

„არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ის გვთხოვს უფრო მეტ არგუმენტაციას. უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ კომპანიების და მათი მრჩევლების - საკმაოდ ცნობილი საერთაშორისო კომპანიების პოზიციებიც ხელახლა ვნახოთ და ახალი გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, განწყობა არის ისეთი, რომ თუ რაიმე ხარვეზი იყო, ის უნდა გამოსწორდეს. „მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კანონის მოთხოვნები გავრცელებულია იმ პერიოდზე, როდესაც ეს კანონი არ არსებობდა. კონკრეტულად, გარკვეულ შეზღუდვებთან მიმართებაში კანონი მიღებულია 2014 წელს და გავრცელებული იყო 2010 წლის პერიოდზე, რაც შესაბამისად, შეცდომაა. გარდა ამისა, არის სხვა არგუმენტები, რომლებსაც ხელახლა ვსწავლობთ ჩვენს იურისტებთან ერთად. აქაც ჩვენი პოზიცია იქნება შეუვალი - თუ რაიმე ფაქტორი არის, ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამავე დროს, თუ დასტურდება, რომ იყო გარკვეული შეთანხმებული ქმედება, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება საწვავის ბაზრის ხელახლა მოკვლევას.

2015 წელს კონკურენციის სააგენტომ რამდენიმე ნავთობკომპანია 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. თუმცა, ნავთობკომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.