ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში, რეგიონის მოსახლეობასთან ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე დისკუსია გამართა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში, რეგიონის მოსახლეობასთან ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე დისკუსია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.

ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტები გააცნო და იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ცვლილებების ძალაში შესვლას მოჰყვეს. ნაცვლიშვილის თქმით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ორი მთავარი გარანტია სჭირდება: პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ვეტო კი, იმ ორ მნიშვნელოვან არგუმენტს ეფუძნება, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში და გახდება კანონი, ის საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობას და მეორე მხრივ, მედიამრავალფეროვნებას. ასევე, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს, რაც დააზიანებს მედიაპლურალიზმს და შეზღუდავს საზოგადოების წვდომობას მრავალფეროვან ინფორმაციასთან.

,,მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკები გაჩენა, რასაც ეს კანონი ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე მოაზრებულია, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა მაუწყებლობის მხრიდან განსახორციელებელ შესყიდვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა დაადო ვეტო ამ კანონს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მიუბრუნდება ვეტოს განხილვისას ერთხელ სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის და არ მიიღებს ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი, უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიაგარემოს, ასევე ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით.

მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს