მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა - კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაა საუბარი.

საინფორმაციო ბარათში განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმას ეთმობა. რეფორმა პოზიტიურადაა შეფასებული და აღნიშნულია რომ საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი პროგრესია. მომხსენებლები მიესალმებიან კონსტიტუციური ცვლილებების იმ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო და რომელიც, მათი თქმით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამდე უზრუნველყოფს მეტად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს. დოკუმენტში, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაუყოვნებლივ გაითვალისწინა. ანგარიშში გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოიცავს ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ემსახურება.

საინფორმაციო ბარათში ყურადღება პარლამენტის როლზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე, ასევე, ხელი უნდა შეეწყოს ოპოზიციის როლის ზრდას პარლამენტში. მომხსენებლები ოპოზიციას უმრავლესობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არ უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლებიდან წამოსულ ინიციატივებს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი უმრავლესობიდან მოდის.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს გადაწყვეტილებას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

საინფორმაციო ბარათში პოზიტიურადაა შეფასებული გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მომხსენებლები დადებითად აფასებენ საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ომბუდსმენის ინსტიტუტს.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეს ეხება. საინფორმაციო ბარათში ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესსა და გამამტყუნებელ განაჩენს არ უკავშირდება.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ბორდერიზაციის პროცესსა და ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროვების ფაქტებზე საუბარს ეთმობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები -კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან გამართეს.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში მომდევნო ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს