ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2018

საქართველოში 18-იდან 60 წლამდე კაცებისთვის სავალდებულო რეზერვი ბრუნდება

მერიის ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს

საჭიროა თუ არა ნარკოპოლიტიკის შერბილება-ლიბერალიზაცია?

***

საქართველოში 18-იდან 60 წლამდე კაცებისთვის სავალდებულო რეზერვი ბრუნდება

“სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება და, ახალი კანონპროექტით, ორი ტიპის რეზერვი იქმნება - აქტიური რეზერვი, რომელიც 5-წლიან კონტრაქტს გულისხმობს და სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც სავალდებულო იქნება 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის. პირველ ეტაპზე აქტიურ რეზერვში 260 ადამიანის მიღება წელსვე მოხდება. სამხედრო ექსპერტების ნაწილს ახალი კონცეფციის მიმართაც კრიტიკული შენიშვნები აქვთ და უპირველესად უკმაყოფილებას რეზერვის მცირე მოცულობა იწვევს. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განცხადებით, ეს მოცულობა ძალიან დაბალია ჩვენი საფრთხეებიდან გამომდინარე. სალუქვაძის თქმით, შარშან ამბობდნენ, რომ 2018 წელს მომზადდებოდა 800 რეზერვისტი, გაისიდან დაიწყებოდა რაოდენობის მატება. ეს ძალიან მცირე მოცულობაა ჩვენი საფრთხეებიდან გამომდინარე, ახლა კი რაოდენობა დაკლებულია და 260 რეზერვისტის მომზადებაზეა საუბარი. ეს რიცხვი საერთოდ არაფერი არ არის. რეგიონში საფრთხე მატულობს, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და ამ გამოწვევებს მეტი ტემპით უნდა ვუპასუხოთ. გადავხედოთ მეზობელ სახელმწიფოებს, რა მოცულობის რეზერვი ჰყავთ," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, საქართველოში 18-იდან 60 წლამდე კაცებისთვის სავალდებულო რეზერვი ბრუნდება

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ თავად რეზერვის სისტემის ცვლილება მისასალმებელია, თუმცა მთავარია, რამდენად განხორციელდება ის პრაქტიკაში. ასევე, მთავარი საკითხია, როგორ მოამზადებენ რეზერვისტებს და ხომ არ განმეორდება ის, რაც იყო 2008 წელს, როდესაც რეზერვისტების სამხედრო მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი, რის გამოც მათ ამ ომში ვერანაირი როლი ვერ შეასრულეს. ჩიტაძის თქმით, შესაძლებელია რეზერვის ორი ტიპის არსებობა, მაგრამ აქ მთავარია, რამდენად განხორციელდება პრაქტიკაში ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის ძირითადი პრინციპები; როგორი მეთოდოლოგია იქნება, როგორ მოემზადებიან, რა ტიპის სამხედრო მომზადებას გაივლიან. ღმერთმა დაიფაროს და საქართველოს ომი რომ მოუწიოს, ორიენტაცია უნდა იყოს თავდაცვით ომზე და ასეთ შემთხვევში რეზერვისტები რამდენად შეძლებენ, მართონ ანტისატანკო და ანტისაჰაერო სისტემები. გათვალისწინებული უნდა იქნეს წარსულის შეცდომები და, 2008 წლის მსგავსად, პრობლემები მომავალშიც რომ არ შეიქმნას, უნდა შეიცვალოს მეთოდოლოგია და სამხედრო მომზადების სისტემა. პრობლემა, პირველ რიგში, საბრძოლო მომზადების დონე იყო და მნიშვნელოვანია, რა მეთოდებით აიმაღლებენ სამხედრო კვალიფიკაციას რეზერვისტები," - აღნიშნავს გამოცემა.

"თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის ახალი კონცეფცია წარმოადგინა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: სამობილიზაციო რეზერვი, რომლის მსგავსი მოქმედებს დღესაც და ის იქნება სავალდებულო; აქტიური რეზერვი, რომელიც იქნება სამი სახის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლის ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სავალდებულოა, მისი მიზანი კი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგის შევსებაა. სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი არის წელიწადში არაუმეტეს 45 დღე და იგი პირს სამხედრო სამსახურის წლებში ეთვლება, ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. რეზერვში პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება წელსვე იგეგმება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენ მზად ვართ, რომ უკვე წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება წელს, მომავალ წელს იქნება მზარდი ტენდენცია და, ბუნებრივია, ეს დამოკიდებული იქნება საბიუჯეტო შესაძლებლობებზეც. მისი თქმით, ახალი სარეზერვო სისტემის ფარგლებში, სასწავლო ცენტრების ზრდა საჭირო არ იქნება, რადგან, ერთი, აქ საუბარია 45-დღიან მომზადებაზე და, მეორე, რეზერვი შეზღუდული რაოდენობით იწყება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ამ კონცეფციის განხილვაში, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, შარშან თავადაც მონაწილეობდა და გარკვეული შენიშვნები ჰქონდა ისევე, როგორც სხვა ექსპერტების ნაწილსაც. სალუქვაძის თქმით, შარშან საპარლამენტო მოსმენის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო არ გვიწვევს და არ ვიცი, არის თუ არა რაიმე ცვლილება. ამ კონცეფციით დიდად აღფრთოვანებული არც შარშან ვიყავი, რადგან ის ტემპი, რომელიც ამ კონცეფციაშია ჩადებული, საკმაოდ დაბალია და ის მოცულობა, რა მოცულობითაც უნდა განხორციელდეს რეზერვის მომზადება, მწირია. მისი თქმით, ასევე, მთავარი საკითხია, როგორი იქნება რეზერვისტების მომზადება, რადგან რაც აქამდე იყო, მათი მომზადების დონე კრიტიკას ვერ უძლებდა. სხვა საკითხია კიდევ რეზერვისტების მომზადება. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს ფიქტიურად მოხდა რეზერვის მომზადება და ხარისხზე საუბარიც კი არ იყო. იმედია, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ ახალ კონცეფციაში. ალბათ მომზადების დონის მხრივ პრობლემები არ იქნება, მაგრამ მოცულობა საკმაოდ მწირია. 260 და 800 კაცი არაფერი არ არის იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც გვაქვს. გადავხედოთ მეზობელ სახელმწიფოებს, რა მოცულობის რეზერვი ჰყავთ. ჩვენ წლების განმავლობაში არაფერს ვაკეთებდით ამ მიმართულებით, ახლა ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც საერთოდ არაფერია. ნულების მიმატება უნდა. მინიმუმ, ერთი ბრიგადა მაინც უნდა ყოფილიყო მოცულობით. გადახედონ ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოებს და ნახონ, რა რაოდენობის რეზერვი ჰყავთ, იგივე აზერბაიჯანსა და სომხეთს. იქ 100 000-ებზეა საუბარი. უნდა გაიზარდოს რეზერვის მოცულობა და ასევე საბრძოლო მომზადების ინტენსივობა," - წერს სტატიის ავტორი.

მერიის ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს

"სამშენებლო ობიექტებზე ახალი ტიპის ნორმების დაწესებამ, შესაძლოა, დედაქალაქში მშენებლობა და შემდეგ უკვე დასრულებული ბინების ფასი გააძვიროს. ამ მოსაზრების რეალურ საფუძველს იძლევა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით ჩატარებული შემოწმება, რომლის საფუძველზეც სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ ობიექტს, ხოლო 54-ს მშენებლობის უფლება შეუჩერდა. სპეციალისტები გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა უძრავი ქონების ფასს გაზრდის. დედაქალაქში კი ბინები ისედაც ძვირია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მერიის ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს / "კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე ბინების ღირებულებაზეც"

"დედაქალაქის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ხედვა აქვს, რაც ეხება რეგულაციებს, ახლებურ სტანდარტს, უკანონო მშენებლობასთან ბრძოლას, ეკოლოგიურ მოთხოვნებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავს სამშენებლო კომპანია "სიგმას" დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი. მისი აზრით, დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც. ლაჩაშვილის თქმით, ბოლო დროს გახშირებულია საუბარი იმაზე, რომ ახალაშენებული კორპუსები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნორმებს და ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც, რათა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლოს ხალხს საჭიროების დროს ევაკუაცია. ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის განხორციელება დამატებით ხარჯს უკავშირდება. ამიტომ ეს უდავოდ აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კომპანია "სიგმას“ დირექტორის თქმით, სამომავლოდ უფრო კომფორტულ და ნაკლებად სახიფათო კორპუსებზე გაჩნდება მოთხოვნა და შესაბამისი ფასიც დაედება. პირადად მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და მართებულად მიმაჩნია, რომ შეჩერდა ბევრი ობიექტი დადგენილი ნორმების უხეშად დარღვევის გამო. გასაგებია, რომ მშენებლისთვის არ არის სასიამოვნო პროცედურა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში მშენებლობა უკონტროლოდ არ მიმდინარეობს. ჩვენთან კი ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. მხოლოდ დეველოპერის პატიოსნებაზეა დამოკიდებული კორპუსის გამძლეობაც და შემდგომ უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლეც. როგორი მიმართულებით წაიყვანს მერია დაწყებულ საქმეს, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ კონტროლის აუცილებლობას ყველა ვეთანხმებით. დღეს კორპუსის ჩადგმის საშუალება თუკი სადმე არის, ყველგან მშენებლობას იწყებენ. საცხოვრებელს არც ეზო აქვს, არც პარკი და არც ავტოსადგომი. სახლიდან პირდაპირ ქუჩაში გამოდიან. ესეც დამატებითი საფრთხეა მოსახლეობისთვის და აუცილებლად გასათვალისწინებელია", - განაგრძობს გამოცემა.

"მშენებლობის პროცესში ყველანაირი ნორმის დაცვა უნდა მოხდეს. კომპანია "კიბის" დირექტორი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ დღესდღეობით დეველოპერული კომპანიები მუშაობენ დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასზე, რაც აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ნელი გოგუაძის აზრით, უსაფრთხოების ნორმა უნდა დაიცვას ყველა მშენებელმა. საჭიროა, გამოასწორონ ის ხარვეზები, რაც აქვთ მშენებლობის პროცესში. როდესაც ნორმები დარღვეულია, მისი შეჩერება სრულიად ადეკვატური მგონია. ასეთ დროს არ არის დაცული პერსონალი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა მრავალსართულიან ბინებზე, რაც ძალიან სახიფათოა. შემდგომ კი არც მობინადრეები არიან დაცულნი, ვინც ახალაშენებულ ბინებში საკმაოდ დიდ თანხას იხდის. როდესაც იწყება მშენებლობა, ყველანაირი ნორმა გათვალისწინებული უნდა იყოს და ღირებულების შესაბამისი ხარისხიც უნდა მოეთხოვოთ დეველოპერებს. ხშირ შემთხვევაში ფასს მაღალი სტანდარტებით ადგენენ, ხოლო დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობები, გულახდილად რომ ვთქვათ, მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება. ფასს მაღალს ადებენ, შემოწმებისას კი საწინააღმდეგო შედეგი გამოვლინდა. ღირებულება და ხარისხი არ შეესაბამება ერთმანეთს. ეს აუცილებლად დასარეგულირებელია. მათ ბინების ღირებულება კი არ უნდა გაზარდონ, არამედ დადგენილი ნორმები დააკმაყოფილონ", - წერს სტატიის ავტორი.

საჭიროა თუ არა ნარკოპოლიტიკის შერბილება-ლიბერალიზაცია?

"თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალას") მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მისი მეგობრები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ მსჯავრდებულისა და, ასევე, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქტივისტ ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებას და რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის უმოკლეს ვადაში შეცვლას. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დააბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი. "ქართული ოცნებაში" კი აქციის მონაწილეებს პასუხობენ, რომ არც ერთი პატიმარი სასჯელს ტყუილად არ იხდის. დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, სრული სიცრუეა, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების მომხმარებლებს ხისტად და დაუნდობლად სჯის. "სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკული საშუალებებით სხვის შვილებს წამლავს. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ნარკოტიკების გასაღების ფაქტეზე იქნება დაკავებული. სახელმწიფო დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვისაც ჰგონია, რომ 400, 500 და 600 ადამიანის მოსახმარი ნარკოტიკი ჯიბეში უნდა ედოს. "ბახალას" დაკავება თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოხდა. შესაბამისად, გამორიცხული იყო, ავტობანზე ვინმე სხვა ფეხით მოსიარულე მოწმე ყოფილიყო", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, საჭიროა თუ არა ნარკოპოლიტიკის შერბილება-ლიბერალიზაცია?

"ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემდეგ ხდება ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდა. მესმის, ამ მთავრობას პორტუგალიური ვარიანტი აქვს დასახული, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ქვეყანაზე ისე იმოქმედებს, როგორც იქ. ჩვენთან მოწევას იწყებენ პლანიდან და მერე დოზის მომატება ხდება. მატულობს და მატულობს რაოდენობა. ამიტომ ლიბერალური გადადის შემდეგ რაღაც ფსევდოლიბერალურზე, რაც არ არის ჩემთვის მისაღები. პორტუგალიაში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, მკურნალობდნენ და ა.შ. და ამან გამოიღო გარკვეული შედეგი. ამიტომ "ოცნების" ადგილზე რომ ვიყო, ამ ფორმას მოვსინჯავდი მაგრამ ჯერჯერობით საკანონმდებლო სახეს არ მივცემდი", - აღნიშნავს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

"ვარ მომხრე ყველაფერ იმისა, რაც გააჯანსაღებს ახალგაზრდობას და ბედნიერს გახდის მათ. იმის მომხრე, რაც მომავლის იმედს მიკარგავს და ასამარებს ახალგაზრდობას, ბუნებრივია, არ ვარ. მესმის, რომ მომხმარებელი უნდა წაიყვანო საავადმყოფოში და დააწვინო, მაგრამ გამსაღებელი უნდა დაიჭირო", - აცხადებს მწერალი, მსახიობი გივი სიხარულიძე

"ნაწილობრივ. ჩემი აზრით, მომხმარებელი ციხეში არ უნდა გამოკეტო, მაგრამ ხელის შეწყობაც ცუდია, ამიტომ რაღაც შუალედია მოსაძებნი. საერთოდ რას ნიშნავს ლიბერალიზაციაც, ესეც გასარკვევია - ეს სიტყვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის", - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

"არავითარ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგს ჩვენი ახალგაზრდებისთვის", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს