კახა კალაძე გენგეგმაზე - მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება - სადამდე მოვედით ყველა ხედავს, ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება

სადამდე მოვედით ყველა ხედავს და ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, მერია არ ეწინააღმდეგება მშენებლობას და განვითარებას, თუმცა ყველაფერი ჩარჩოში უნდა იყოს.

"დღეს ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი გახლავთ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. იცით , რომ უკვე 2 წელზე მეტია ამ დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა როდესაც უნდა მომხდარიყო დოკუმენტის ჩაბარება, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დოკუმენტი არ მიიღო, რადგან სრულყოფილი არ იყო. არსებობს გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, "სითი ინსტიტუტმა" მოითხოვა 45 დღიანი ვადა, რომ დოკუმენტი მოეყვანა სრულყოფაში და გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი. ვინაიდან პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეს დოკუმენტი, ჩვენ დავთანხმდით ამას და მივეცით 45 დღე, რათა დოკუმენტი მოიყვანონ სრულყოფაში. ამის მიუხედავად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დაგვეხმარებიან თავიანთი ექსპერტებით დოკუმენტის შეფასებაში", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს და ა.შ. კალაძემ მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ ექსპერტებს გიგა ბათიაშვილს, პავლე ძინძიბაძეს, ირაკლი ჟვანიას და მერაბ ჩხენკელს საკითხის განხილვაში ჩართვისთვის.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის ყველა სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რათა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს "სითი ინსტიტუტთან", რათა დოკუმენტი სრულყოფაში იქნას მოყვანილი.

მისივე ინფორმაციით, ახლად შექმნილ ჯგუფს კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი გაუწევს კოორდინაციას.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩამოვყალიბდეთ ურთიერთობის ფორმაზე. მოგაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც "სითი ინსტიტუტის" მიერ არის წარმოდგენილი. შემდეგი შეხვედრები უკვე აღნიშნულ კომპანიასთან ერთად გაიმართება. ამ ჯგუფს ილია ელოშვილი უხელმძღვანელებს. მეც ჩართული ვიქნები ყველაფერში, რადგან ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა და მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის პრობლემები, რაც უკვე 20-25 წლის განმავლობაში არსებობს. სადამდე მოვედით ყველა ხედავს და ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება. ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას და არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს რაღაც ჩარჩოებში, რომ ყველაფერი სწორად და ხარისხიანად გავაკეთოთ. ქალაქი სწორად უნდა განვითარდეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს