ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევით მმართველ პარტიას არც არაფერი გვემატება და არც არაფერი გვაკლდება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევით მმართველ პარტიას არც არაფერი გვემატება და არც არაფერი გვაკლდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი პოლიტიკური კონტექსტისგან აბსოლუტურად დაცლილია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მმართველ გუნდს ვეტოს დაძლევის თვითმიზანი არ გააჩნია.

”მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა კანონპროექტს დაადო ვეტო. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ მივიღოთ დახვეწილი კანონი, რომელიც მოაწესრიგებს საქართველოში მაუწყებლობის საკითხებს. მათ შორის კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებს. მინდა მოკლედ შევეხო დისკუსიას, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი გამოვიდა მთლიანობაში ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. არგუმენტების გაცვლის საფუძველზე მიიღო პარლამენტმა, მისმა უმრავლესობამ თავისი გადაწყვეტილება. მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც მხარი დავუჭირე კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი. უნდა ითქვას, რომ არის კანონპროექტები, რომელთა ამა თუ იმ სახით მიღება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პოზიციებზე, შეიძლება მიიღო გარკვეული კანონი, რომელიც დადებითად აისახება მმართველი პარტიის პოზიციებზე და უარყოფითად ოპოზიციაზე, ან პირიქით. ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც აღვწერე. პოლიტიკური ეფექტი ამ კანონს არ აქვს. კანონის მიღებით ან არმიღებით მმართველი პარტია თავის პოზიციებს ვერც გაიუმჯობესებს და ვერც დაისუტებს, შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტისგან არის დაცლილი ეს დისკუსია. ეს კანონი რომ მივიღოთ და ვეტო არ გადავლახოთ, ამით მმართველ პარტიას არც არაფერი გვემატება და არც არაფერი გვაკლდება, ისევე როგორც საპირისპირო შემთხვევაში. პოლიტიკური ფონი ამ კანონპროექტს არ აქვს, თუმცა პოლიტიზებული გახდა ეს დისკუსია. მთავარი არის ის, რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური ინტერესი არ აქვს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს