ბექა დავითულიანი - როდესაც ტაქსიში ვსხდებით, მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს, ეს არ იქნება მათთვის მძიმე ტვირთი

როდესაც ტაქსიში ვსხდებით, როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს, ეს არ იქნება ტაქსის მძღოლებისთვის მძიმე ტვირთი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, თბილისის მთავრობამ ქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დაგეგმილი სამუშაო პროგრამა წარმოადგინა და მხოლოდ ტაქსების რეგულაციაზე არ ყოფილა საუბარი.

„ამ პროგრამაში ტაქსების აღრიცხვიანობის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ განვაცხადეთ და ბიუჯეტში ასახულია, რომ მოწესრიგდება და განვითარდება მეტრო, შევიძენთ ახალ ავტობუსებს, ამის პარალელურად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება. ამასთან ერთად ხდება ტაქსების აღრიცხვიანობა, რაც სრულიად ნორმალურია. როდესაც ტაქსიში ვსხდებით, ან ჩვენს შვილს ვსვამთ, როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს. ეს არანაირად არ იქნება ტაქსის მძღოლებისთვის მძიმე ტვირთი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, დაწესდება რეგულაციები მიკროავტობუსებისთვისაც, რათა ისინი ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდნენ. გარკვეული შეზღუდვები იქნება შემოღებული ასევე სამშენებლო ტვირთების გადამტანი მანქანებისთვისაც, რათა მათ დღის დატვირთულ მონაკვეთებში არ იმოძრაონ. დეპუტატის განმარტებით, ყველა ეს ნაბიჯი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა ქალაქის ხელისუფლებისგან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე დაინტერესდა, ხომ არ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს რაიმე გადასახადის გადახდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს