მიხეილ სააკაშვილი - ესენი მოსამართლეები კი არა, გაყიდული არსებები არიან

ესენი მოსამართლეები კი არა, გაყიდული არსებები არიან. თქვენ ხედავთ, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„მათ არ უნდათ მე რომ გადავადგილდებოდე, მაგრამ არ გამოუვათ ეს. უახლოეს დღეებში ჩვენს მარშს გამოვაცხადებთ, რათა იმ ადამიანის იმპიჩმენტს მივაღწიოთ, ვინც უღალატა მაიდნის იდეალებს. მინდა ყველას ვუთხრა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ მოუწევთ ხელისუფლება დათმონ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს აქ მოვიდა. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის სადღეღამისო შინაპატიმრობას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.