აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ ამ შესაძლებლობით ვსარგებლობთ, რათა გავიხსენოთ ნაცისტების მხრიდან ექვსი მილიონი ებრაელის დევნა და საზარელი მკვლელობა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ნაცისტებმა სიკვდილის ბანაკებში ასევე მოკლეს მილიონობით სლავი, ბოშები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჰომოსექსუალები, სასულიერო პირები და სხვები, რომლებიც მამაცურად ეწინააღმდეგებოდნენ მათ სასტიკ რეჟიმს“.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა მომავალ თაობებს შეუწყნარებლობასთან ბრძოლის ძალა გადასცეს.
„ჩვენი ქვეყანა ვალშია ჰოლოკოსტს გადარჩენილებთან. მიუხედავად იმ ტრავმისა, რომელიც მათ გადაიტანეს, ისინი განაგრძობენ ჩვენს განათლებას თავიანთი გამოცდილების, სიძლიერის, სიბრძნისა და ადამიანის უფლებების დაცვის სულიკვეთების გაზიარებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა მცირდება, მათი ცხოვრების ისტორია ჩვენთან რჩება, რაც ძალას გვაძლევს ვებრძოლოთ შეუწყნარებლობას, მათ შორის ანტისემიტიზმს და დისკრიმინაციის გამოვლინების ყველა ფორმას“, - განაცხადა მან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თითოეულმა თაობამ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს ჰოლოკოსტიდან, რათა კაცობრიობის წინაშე კვლავ არ განმეორდეს ეს საშინელება“.
„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ჩვენ პირობას ვდებთ, რომ კაცობრიობის ისტორიის ეს შავი ლაქა არასოდეს განმეორდება“, - დასძინა მან.