მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ

პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოს პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ტანდემში საუბარში დაადანაშაულა.

მისი თქმით, როდესაც ორი პრეზიდენტი - ყოფილი და მოქმედი - საუბრობენ ერთ ხმაში, საზოგადოების გადასაწყვეტია, ეს არის დამთხვევა, თუ ეს არის პოლიტიკური მიზანი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ხმაშეწყობა, სადაც მარგველაშვილი ცდილობს და მისი პოლიტიკური ამოცანაა, რამენაირად გამოიყვანოს იმ თავხედობიდან, იმ დანაშაულიდან, რაც მიშა სააკაშვილმა წინა პერიოდში ჩაიდინა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებას, მდინარაძის თქმით, „ეს არის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნება და მიზანი“.

„მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში ისინი თავიანთი უზრდელობით ცდილობდნენ, არგუმენტებზე მსჯელობა რამენაირად პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაეყვანათ. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონზე განმარტებებს და არგუმენტებს ითხოვდა, მათ უპასუხეს უზრდელობით და არ შევიდნენ დისკუსიაში არგუმენტებთან დაკავშირებით. ჩვენ კორექტულები ვიყავით და შევეცდებით ასევე ვიყოთ მომავალშიც. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, მაგრამ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ავიცილოთ, პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა“, - განაცხადა მდინარაძემ.