ირაკლი სესიაშვილი - გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ოპონენტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია გასაკვირია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ოპონენტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია გასაკვირია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სესიაშვილმა განუცხადა, ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ მომავალში არ მოხდეს ვინმეს მიერ მართლმსაჯულების პროცესში ჩარევა. სესიაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანთან მიმართებაში, თავის დროზე სახელმწიფომ და მაშინდელმა პოლიტიკურმა კლანმა მრავალდონიანი დანაშაული ჩაიდინა.

„ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, გასაოცარი იყო ოპონენტების თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია. გასაოცარი იყო იმ ნაწილში, რომ მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც სანდრო გირგვლიანთან მიმართებაში თავის დროზე სახელმწიფომ და მაშინდელმა პოლიტიკურმა კლანმა ჩაიდინა, იყო მრავალდონიანი დანაშაული, დაწყებული უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირების მხრიდან, დამთავრებული პრეზიდენტით. ასე რომ, არავის გვინდა ეს განმეორდეს, იმასაც კი, ვინც ჩვენთან ოპონირების რეჟიმშია. სწორედ ეს ვთქვით. ჩვენ არ გვინდა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ვინმე ჩაერიოს. ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებათა დაცვის მეტი სტანდარტი და გარანტია. ბევრს ჩვენი ნათქვამი სამწუხაროდ არ მოეწონა, ალბათ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო და არა იმიტომ, რომ ეს ცუდი ინიციატივაა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი ასევე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებით გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხმების მოძიებას ცდილობს.

„რაც შეეხება მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის პერიოდში გარკვეული ქმედებების გამართლებასა თუ გაფერმკრთალების მცდელობას, ეს ალბათ მისი პოლიტიკური ცოდვაა, რომელიც მას უწევს გაიღოს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების მოსაპოვებლად. ალბათ ამის სანაცვლოდ დგამს ამ ნაბიჯს და თუ ეს ცოდვა უღირს ამად, ეს მისი არჩევანია. ჩვენი არჩევანია, რომ არ მოხდეს იმ ტრაგედიის განმეორება არასდროს, არც ჩვენი ხელისუფლების დროს და არც მომავალში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები გამკაცრდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე - ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე - რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა