დავით რაქვიაშვილი - მობილიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება, ჩვენთან კონსულტაციები არ გამართულა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის ინფორმაციით, სარეზერვო სამსახურის რეფორმირების საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც გადაიხედა, არც პრეზიდენტთან და არც უშიშროების საბჭოს აპარატთან კონსულტაციები არ გამართულა.

“საკანონმდებლო ცვლილებების იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია შესული, არც უშიშროების საბჭოს აპარატთან და არც პრეზიდენტთან, რომელიც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, კონსულტაციები არ გამართულა. ჩვენ აუცილებლად ყურადღებით შევისწავლით ამ ინიციატივას, რის შემდეგაც უფრო დეტალური კომენტარის გაკეთება შეგვეძლება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით რაქვიაშვილმა.

მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები მთავრობას გადაეცემა.

შესაბამისი ცვლილებები “მობილიზაციის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც ერთ-ერთია სამხედრო სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან.

კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ ექნება აღნიშნული გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანის უფლებამოსილება, ასევე მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება.

პროექტის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა “საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონში აისახება და საქართველოს მთავრობის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევის გადავადება და გაწვევის გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება აღარ განეკუთვნება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. აღნიშნული საკითხებს “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა