კენეტ იალოვიცი - შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც თბილისი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის შეფასებით, შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, თუმცა ”ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს”.

ამის შესახებ კენეტ იალოვიცმა ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შეფასებისას განუცხადა.

ყოფილი ელჩის განცხადებით, საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის.

”მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩემთვის ათვლის წერტილი 20 წლის წინანდელი საქართველოა, როცა ქვეყანაში იყო ომი, აჭარაში იწყებოდა არეულობა, მთავრობა ვერ აგროვებდა გადასახადებს, ჯარი და პოლიცია თითქმის არ არსებობდა. იყო ხალხი, რომელსაც უნდოდა, რომ პრეზიდენტის მმართველობა თბილისს გარეთ არ გასულიყო. როცა საქართველოზე ვსაუბრობ, მეტაფორულ ჭიქაზე ყოველთვის ვამბობ, რომ ის ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. და ეს იმის გამო, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემით და სითბოთი ვარ განწყობილი. საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, მე ვიტყოდი, რომ მინისტრი ჯანელიძე პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ტილერსონი შეხვდა. ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ტილერსონმა მკაფიო მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. კონგრესშიც მოგეხსენებათ ჯონ მაკკეინი იქნება ეს, თუ სხვა ბევრი სენატორი თუ კონგრესმენი, საქართველოს დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ვფიქრობ, მხარდაჭერა ნამდვილად არსებობს. ერთი პრობლემა ის არის, რომ ამერიკას დღეს უდიდესი გამოწვევებისთვის უხდება თავის გართმევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. შეიძლება ამის გამო, ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია. ჯაველინების მიყიდვა ამის ცხადი დასტურია. ერთი, რასაც ვისურვებდი ის არის, რომ იყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტები თბილისიდან და ვაშინგტონიდანაც ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩასულიყოს საქართველოში”, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება