თბილისის ზღვის ტურბაზასთან, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ განუცხადა, ბავშვების დახმარება ინფუზიის მიმართულებით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება აღენიშნებოდათ. პედიატრი ვერ აკონკრეტებს, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.
„მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა და პირღებინება. დახმარება მიდის ინფუზიის მიმართულებით, უტარდებათ გადასხმა. გაკეთებულია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, რომ ეს იყო ბანანიდან გამოწვეული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ“, - განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.